საზოგადოების დაკვეთიდან გამომდინარე, ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ ერთმანეთისკენ გზა ვიპოვოთ, - ამის შესახებ "სტრატეგია აღმაშენებლის" დეპუტატმა პაატა მანჯგალაძემ განაცხადა.
"განა ცუდი სიტყვები არ ვიცი და მიზეზს ვერ ვიპოვი, რომ ცუდი ვთქვა, მაგრამ საზოგადოების აზრს ვითვალისწინებ. სწორედ მათი დაკვეთიდან გამომდინარე, ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ ერთმანეთისკენ გზა ვიპოვოთ. გუშინ მკითხეს, როდემდე იქნებით მშვიდობის მტრედიო? ბოლომდე, რადგან დაპირისპირებას და დანგრევას დიდი ძალისხმევა არ უნდა, აშენებასა და ნდობის მოპოვებას კი დიდი დრო სჭირდება. რაღაც ურთიერთბრალდებები მალე უნდა დასრულდეს და ხალხის დაკვეთაზე გადავიდეთ. მათ „ქართული ოცნების“ რეჟიმის ცვლილება უნდათ და ერთმანეთში საერთო ენა თუ ვერ ვიპოვეთ, რეჟიმს როგორ ვცვლით? თუ არაფერზე ვთანხმდებით, როგორ შეიძლება წარმატებას მივაღწიოთ?
მგონი, ნიკა მელია საკუთარ თავში ძალას იპოვის და პირადი წყენები დასრულდება, ახალ ეტაპზე გადავალთ. ნიკა მელია კი არა, საქალაქო საბჭოში ილია ჭავჭავაძე ორჯერ არ აირჩიეს, ივანე ჯავახიშვილი – პირველი რესპუბლიკის პარლამენტში, აკაკი წერეთელს მეღვინე ხუსკივაძემ მოუგო და ინგლისის გამარჯვებული პრემიერ-მინისტრი ჩერჩილი გადაირჩიეს. მეც წამიგია, ეს არ მომწონებია, მაგრამ ვიცი, რომ საქართველოს ერთიანობა უფრო სჭირდება, ვიდრე მტრის ხატის შექმნა. "ქართული ოცნების“ პროპაგანდას არ უნდა ავყვეთ“, – განაცხადა მანჯგალაძემ.