Logo

ირაკლი კირცხალია - ადგილობრივი თუ გარე მოწინააღმდეგეებისთვის ბიძინა ივანიშვილის მთავარი დანაშაული მისი კომპეტენცია ყოფილა

პოლიტიკა
173
Frontnews image description

"ქართლი ოცნების“ ადგილობრივი თუ გარე მოწინააღმდეგეებისთვის ბიძინა ივანიშვილის მთავარი დანაშაული მისი კომპეტენცია ყოფილა. ეს ადამიანები ვერ ეგუებიან, რომ ადგილობრივი რადიკალების ხელისუფლებაში დაბრუნებისა და ჩვენი ქვეყნის გარე ინტერესებისთვის დაქვემდებარების მუდმივი მცდელობის მიუხედავად, ის მათ გათვლებს რამდენიმე ნაბიჯით უსწრებს, - ამის შესახებ სოციალურ ქსელში საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი ირაკლი კირცხალია წერს.

"ბიძინა ივანიშვილი „ქართული ოცნების“ დამფუძნებელია, რომელმაც 2012 წელს "ნაციონალური მოძრაობის" რეჟიმის ხელისუფლებიდან ჩამოშორებაში საკვანძო როლი შეასრულა, რაც შემდგარი ფაქტია. ისიც ფაქტია, რომ დღეს ის, ქვეყნის მმართველი პარტიის საპატიო თავმჯდომარის პოზიციას იკავებს და პოლიტიკური საბჭოს წევრია, შესაბამისად, პოლიტიკურ პროცესებშიც ჩართულია. მნიშვნელოვანია, რომ "ქართული ოცნება“ სწორედ ამ მოცემულობით წარდგა 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებზე საზოგადოების წინაშე, თანაც ბიძინა ივანიშვილი საარჩევნო სიის პირველი ნომერი იყო და ბუნებრივია, ამომრჩევლის უმრავლესობამ მხარი ამ კონფიგურაციას დაუჭირა.

ამ ფონზე, თურმე ის ფაქტი, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრი და გუნდის ერთ-ერთი ლიდერი ბიძინა ივანიშვილს „პოლიტიკის გროსმაისტერს“ უწოდებს, ადასტურებს მის ჩართულობას შიდაპარტიულ დისკუსიებში, ხაზს უსვამს მის განსაკუთრებულ ანალიტიკურ უნარებს, აღიარებს, რომ მისგან რჩევებსაც იღებს და ლიდერშიპთან შეხვედრების დროს არსებული პრობლემების გადაჭრისთვის ის ძირითად შემთხვევებში საუკეთესო გზებს პოულობს, რადიკალებისა და მათი გარე პატრონებისთვის, ე.წ. ერთთმართველობა ყოფილა", - წერს კირცხალია.

მისივე თქმით, ამავდროულად, არ არსებობს ფაქტი, რომ „ქართული ოცნების“ გუნდის იმ წევრებიდან რომელიმეს, ვისთანაც ბიძინა ივანიშვილს საქმიანი ურთიერთობა გააჩნია, მან საკუთარი აზრი მოახვია თავს, ან რამის გაკეთება დაავალდებულა.

"ნიშანდობლივია, რომ ამაზე ვერც ის ადამიანები საუბრობენ, რომლებიც თავის დროზე იყვნენ პოლიტიკური გუნდის წევრები და დღეს, არათუ პარტია დატოვეს, არამედ „ქართული ოცნების“ წინააღმდეგ იბრძვიან. თუმცა იმასაც არავინ უარყოფს, რომ მისი გამოცდილებიდან, პირადი თვისებებიდან და უნარებიდან გამომდინარე, როგორც წესი, ამა თუ იმ საკითხზე მსჯელობის პროცესში, ყველაზე კომპეტენტურ აზრს გამოთქვამს და მისი ლიდერობის მთავარი საფუძველიც სწორედ ეს არის.

გამოდის, რომ „ქართლი ოცნების“ ადგილობრივი თუ გარე მოწინააღმდეგეებისთვის ბიძინა ივანიშვილის მთავარი დანაშაული მისი კომპეტენცია ყოფილა. ეს ადამიანები ვერ ეგუებიან, რომ ადგილობრივი რადიკალების ხელისუფლებაში დაბრუნებისა და ჩვენი ქვეყნის გარე ინტერესებისთვის დაქვემდებარების მუდმივი მცდელობის მიუხედავად, ის მათ გათვლებს რამდენიმე ნაბიჯით უსწრებს, პრობლემების გადაწყვეტისთვის კი საუკეთესო გზებს ოპერატიულად პოულობს, რაც შიდა აგენტურას და მათ გარე პატრონებს დასახულ მიზნებს უფრო და უფრო აშორებს.

სწორედ ეს არის მათი გაბრაზების, ათასნაირი კონსპირაციების, უსაფუძვლო ბრალდებებისა და არარსებული რეალობის შეთხვზის საფუძველი, რაც ყველასთვის ნათელია. მათთვის სამწუხაროდ, შემიძლია ვთქვა, რომ მსგავს აბსურდში დარჩენა კიდევ დიდხანს მოუწევთ", - წერს ირაკლი კირცხალია.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები