Logo

პარლამენტის დროებითმა საგამოძიებო კომისიამ უფლებების შელახვის ფაქტებთან დაკავშირებული საქმეები განიხილა

პოლიტიკა
4 საათის წინ / 20:52
Frontnews image description

2003–2012 წლებში მოქმედი რეჟიმის, ამ რეჟიმის პოლიტიკური თანამდებობის პირებისა და პოლიტიკურ პარტიებში გაერთიანებული მოქმედი და ყოფილი თანამდებობის პირების 2003 წლიდან დღემდე საქმიანობის შემსწავლელმა პარლამენტის დროებითმა საგამოძიებო კომისიამ უფლებების შელახვის ფაქტებთან დაკავშირებით ოთხი პირი გამოკითხა.

ვალერი გელაშვილმა ისაუბრა პრეზიდენტის რეზიდენციის მშენებლობასა და რეზიდენციის გვერდით მის საკუთრებაში არსებული სახლის გაყიდვის დეტალებზე.

მისი თქმით, კონფლიქტი მასა და პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს შორის მას შემდეგ დაიწყო, რაც მან პრეზიდენტის რეზიდენციის მშენებლობისათვის მისი კომპანიის მიერ გაწეული სამუშაოს ანაზღაურება მოითხოვა.

როგორც ვალერი გელაშვილმა აღნიშნა, 2005 წელს, აღნიშნული კონფლიქტის შესახებ მწვავე ინტერვიუ მისცა ერთ-ერთ გაზეთს, რის შემდეგაც,  დაახლოებით ორ კვირაში, 14 ივლისს,  თბილისში, საკუთარი ავტომობილით მოძრაობისას, თავს  სპეცრაზმელები დაესხნენ და  მძიმე დაზიანებები მიაყენეს, მათ შორის, ფუძის ძვლის მოტეხილობა.

მისივე თქმით, თავდასხმის ოპერაციას  სპეციალური ოპერატიული დეპარტამენტის მაშინდელი დირექტორი ერეკლე კოდუა ხელმძღვანელობდა, რომელმაც  შინაგან საქმეთა მინისტრის  ივანე მერაბიშვილის ბრძანება შეასრულა, ხოლო თავად მერაბიშვილს დავალება მიხეილ სააკაშვილმა მისცა.

ვალერი გელაშვილის განცხადებით, თავდასხმის დროს, ასევე, ფიზიკურად გაუსწორდნენ მისი დაცვის წევრს და მანქანიდან გაიტაცეს  კანონიერ მფლობელობაში არსებული ცეცხლსასროლი იარაღი, თანხა და ძვირფასი  ნივთები.
მისი თქმით, ხელისუფლებას გამიზნული ჰქონდა,  საზოგადოების სიცრუეში შეყვანის მიზნით, აღნიშნული თავდასხმა "ბიზნეს-გარჩევად მოენათლა“.

როგორც ვალერი გელაშვილმა აღნიშნა, თავდასხმის შემდეგ, მას სამედიცინო დაწესებულებაში  შესაბამისი სამედიცინო დახმარება არ აღმოუჩინეს და მხოლოდ უცხოეთიდან ჩამოყვანილი ექიმების ჩარევის შემდეგ მოხდა მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის დასტაბილურება და შემდეგი მკურნალობისთვის უცხოეთში გადაყვანა, რამაც სიცოცხლე შეუნარჩუნა.

ვალერი გელაშვილის განცხადებით, საქართველოში დაბრუნების შემდეგ, 2006 წელს მას პარლამენტის წევრის უფლებამოსილება უკანონოდ შეუჩერეს.

მან ასევე ისაუბრა, საქართველოში დაბრუნების შემდეგ, სხვადასხვა უძრავი ქონების დათმობის მიზნით, მის მიმართ ხელისუფლების მიერ განხორციელებულ ზეწოლაზე, ასევე  2012 წლის 1 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების დროს, ხაშურში, სადაც ის კენჭს იყრიდა, „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ არჩევნებში ჩარევის საკითხზე.

უფლებების შელახვის ფაქტებთან დაკავშირებით კომისიას დისტანციურად ახსნა-განმარტება გოჩა კაკოიშვილმა მისცა.

გოჩა კაკოიშვილის განცხადებით, აქტიური ოპოზიციური საქმიანობის გამო წინა ხელისუფლების დროს იგი რამდენჯერმე დააკავეს.

მისი თქმით, 2011 წლის მაისში იგი დააკავეს და დროებითი მოთავსების იზოლატორში გადაიყვანეს, სადაც ერთი თვის განმავლობაში, ბორკილდადებულს სცემდნენ, აწამებდნენ და მცირე რაოდენობით საკვებს და წყალს  მხოლოდ 2-3 დღეში ერთხელ აძლევდნენ.

როგორც  გოჩა კაკოიშვილმა აღნიშნა, დროებითი მოთავსების იზოლატორში  ჯანმრთელობის იმდენად  მძიმე დაზიანებები მიიღო, რომ იძულებული გახდა საქართველო დაეტოვებინა და სამკურნალოდ საზღვარგარეთ გამგზავრებულიყო, სადაც მისი მკურნალობის პროცესი დღემდე გრძელდება.

დროებითმა საგამოძიებო კომისიამ დღევანდელ სხდომაზე ასევე გამოჰკითხა ბესიკ დანელია, რომელმაც "ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლების დროს მისი, მისი ოჯახის წევრებისა და ახლობლების უფლებების შელახვის ფაქტებზე ისაუბრა.

ბესიკ დანელიას განცხადებით, 2011 წლის 21 მაისს, მას და მისი ოჯახის წევრებს გლდანში, ხელკეტებით, ჯაჭვებით და „კასტეტებით“ შეიარაღებული ოცამდე პოლიციელი თავს დაესხა. მას ფიზიკურად გაუსწორდნენ, მეტროსადგურის კიბიდან გადააგდეს, რის შედეგადაც ხერხემალი დაუზიანდა და მრავლობითი მოტეხილობა მიიღო.
მისივე თქმით, თავდასხმის შედეგად  მისი ოჯახის წევრებიც დაზარალდნენ.

ბესიკ დანელია მიიჩნევს, რომ ოპოზიციურად განწყობილი მოქალაქეებისადმი არაადამიანური მოპყრობის შესახებ დავალებები მიხეილ სააკაშვილისგან, ივანე მერაბიშვილისგან და გიგი უგულავასგან მოდიოდა. მან, ასევე, ისაუბრა  წინა ხელისუფლების დროს ოპოზიციური აქციების დაშლის დეტალებზეც.

კომისიამ უფლებების შელახვის ფაქტებზე ლაშა არქანია გამოჰკითხა, რომელმაც  2011 წელს მისი უკანონოდ დაკავებისა და წამების საქმეზე ისაუბრა.

ლაშა არქანიას განცხადებით,  2011 წლის 14 ივნისს, სოფელ მუჟავაში, მის სატელეფონო ნომერზე განხორციელებული ზარის საფუძველზე სახლიდან მოტყუებით გაიყვანეს და სამართალდამცველებმა გაიტაცეს, რომლებიც ცემისა და იარაღის მუქარით მოითხოვდნენ  ერთ-ერთი ძებნილის ადგილსამყოფელი გაემჟღავნებინა, რაც მისთვის უცნობი იყო.

როგორც მან აღნიშნა, პოლიციის განყოფილებაში გადაყვანამდე მასზე ხორციელდებოდა ფსიქოლოგიური ზეწოლა, მკვლელობის სიმულაცია, ფიზიკური შეურაცხყოფა, სიცოცხლის მოსპობის მუქარა, ანთებული სიგარეტით სხეულზე დამწვრობის მიყენება და სხვა.

ლაშა არქანიას განცხადებით, პოლიციის განყოფილებაში გადაყვანის შემდეგ, მას აიძულებდნენ წალენჯიხის რაიონში განხორციელებულ ტერორისტულ აქტთან დაკავშირებით, კონკრეტული პირების მიმართ ცრუ ჩვენების მიცემას.

მისივე თქმით, დაკავების სამართლებრივი საფუძვლის შესაქმნელად ბრალად  დასდეს ნარკოტიკული ნივთიერების მოხმარება და ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღის ქონა, რაც ფიზიკური ძალადობისა და ხელკეტით გაუპატიურების მუქარის  შემდეგ აღიარა.

როგორც ლაშა არქანიამ აღნიშნა, წალენჯიხის პოლიციის განყოფილებაში გადაყვანის შემდეგ იგი კვლავ სცემეს, აწამეს და ბუხარში დაწვით დაემუქრნენ.

მისი თქმით, 2012 წელს, ხელისუფლების შეცვლის შემდეგ მას პოლიტპატიმრის სტატუსი მიენიჭა და ამნისტიის საფუძველზე საპატიმროდან გათავისუფლდა.

ლაშა არქანიამ, გამოკითხვის დროს, ის სამართალდამცავი პირები დაასახელა, რომლებიც  მის ცემაში,  წამებასა და არაადამიანურ მოპყრობაში მონაწილეობდნენ.

"როლანდ ახალაიას, მისი კლანის, კოხტა კოდუას, ქარდავების და სხვების ხელში სამეგრელომ ძალიან დიდი ტკივილი გადაიტანა. „ქართული ოცნების“ გადაწყვეტილებით, ჩვენი კომისია იმისთვის შეიქმნა, რომ ამ ადამიანებმა ვერასდროს შეძლონ მაღალი თანამდებობების დაკავება, აღარ იყვნენ პოლიტიკურ თანამდებობებზე და პოლიტიკურ პროცესში. სწორედ ამ მიმართულებით უნდა წავიყვანოთ ჩვენი კომისიის საქმიანობა“, - განაცხადა დროებითი საგამოძიებო კომისიის თავმჯდომარე თეა წულუკიანმა.

პარლამენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, კომისიის წევრებმა, დღევანდელ სხდომაზე, წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს 2003–2012 წლებში მოქმედი რეჟიმის მსხვერპლთა ხსოვნას.

ინფორმაციას პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.

Advertisement