Logo

სალომე სამადაშვილი – “ქართულ ოცნებას“ მიაჩნია, რომ პროკურორის არჩევის წესი ახლა მათთვის ნაკლებად პრინციპულია, რადგან ეხება შემდგომ საპარლამენტო პერიოდს

პოლიტიკა
01.09.2022 / 18:14
Frontnews image description

“ქართულ ოცნებას“ მიაჩნია, რომ პროკურორის არჩევის წესი ახლა მათთვის ნაკლებად პრინციპულია, რადგან ეხება შემდგომ საპარლამენტო პერიოდს, – ამის შესახებ Front News-ს საპარლამენტო ფრაქცია “ლელოს“ დეპუტატმა სალომე სამადაშვილმა “ქართული ოცნების“ მიერ გენერალური პროკურორის არჩევის წესის შეთანხმებული ვარიანტის მიღებაზე თანხმობის კომენტირებისას განუცხადა.  

 

ოპოზიციონერი დეპუტატის თქმით, მმართველი ძალა შერჩევით დამოკიდებულებას იჩენს ევროკავშირის მოთხოვნების მიმართ.  

 

“პროკურორის არჩევის ეს წესი შეეხება მომავალს, შემდეგ საპარლამენტო პერიოდს,  შესაბამისად, მიაჩნიათ,  რომ ეს მათთვის ახლა ნაკლებად  პრინციპულია  და ძალიან არ დააზიანებს მათ სწრაფვას,  ნებისმიერ ფასად დარჩნენ ხელისუფლებაში. ფიქრობენ, რომ ამ დათმობაზე წავლენ, რომ რაღაც ჰქონდეთ სათქმელი. ევროკავშირის მოთხოვნები  უკავშირდება საარჩევნო სისტემის რეფორმას, სასამართლოს რეფორმას, რაც ბევრად უფრო მტკივნეულია “ქართული ოცნებისთვის“, – განაცხადა სალომე სამადაშვილმა. 

 

მისი თქმით, “ქართულმა ოცნებამ” უკვე დააზარალა ქვეყანა, როდესაც თავის დროზე გამოეთიშა შარლ მიშელის შეთანხმებას, თუმცა მაინც მოუხდათ ამის აღიარება. 

 

“ქართული ოცნება” დიდი ხანია, ატყუებს საზოგადოებას,  თითქოს  ყველაფერი გააკეთა იმისთვის,  რომ კანდიდატი ქვეყნის სტატუსი მიგვეღო. რეალობა არის ის,  რომ ჩვენ ვერ მივიღეთ კანდიდატი ქვეყნის სტატუსი სწორედ, პირველ რიგში, იმიტომ, რომ  „ქართული ოცნება“ გავიდა მიშელის შეთანხმებიდან და არ შეასრულა არცერთი დაპირება. პროკურორის არჩევის წესი ეს იყო სწორედ შეთანხმების ნაწილი. “ქართულმა ოცნებამ“ ეს დაპირება არ შეასრულა,  როდესაც საკონსტიტუციო ცვლილებებს იღებდა.  ახლა მოუწიათ უკანდახევა, რადგან ძალიან ნათლად თქვა ევროკავშირმა, რომ არანაირი კანდიდატის სტატუსი არ იქნება, ვიდრე ეს მოთხოვნა არ შესრულდება“, – განაცხადა სამადაშვილმა.

 

მმართველი პარტიის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ “ქართული ოცნება“ მზადაა, გენერალური პროკურორის არჩევა 3/5-იანი კვორუმით მოხდეს და შესაბამისი ნორმა კონსტიტუციაში ჩაიწეროს.  გენერალური პროკურორის არჩევის ეს წესი  გასულ წელს, პოლიტიკურ ჯგუფებს შორის, ევროპული საბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის ჩართულობით შემუშავებული დოკუმენტის ფარგლებში შეთანხმდა.

Advertisement