შალვა პაპუაშვილი – როცა ვსაუბრობთ ადამიანის უფლებებზე, ვსაუბრობთ სახელმწიფოს პასუხისმგებლობაზე, რომ ეს უფლებები იყოს უზრუნველყოფილი და დაცული


ავტორი
Front News საქართველო
“როცა ვსაუბრობთ ადამიანის უფლებებზე, უპირველეს ყოვლისა, ვსაუბრობთ სახელმწიფოს პასუხისმგებლობაზე. სიმბოლური და მნიშვნელოვანია, რომ დღეს ჩვენ განვიხილავთ საქართველოს ადამიანის უფლებათა დაცვის ეროვნული სტრატეგიის ახალ დოკუმენტს, რომელიც ცოტა ხნის წინ მთავრობამ დაამტკიცა. შეიქმნება ჩარჩო, რომლის ფარგლებში სახელმწიფომ უნდა უზრუნველყოს და განახორციელოს ვალდებულებები, რაც მას ადამიანის უფლებათა დაცვის მხრივ ეკისრება“,-ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა ადამიანის უფლებათა დაცვის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე განაცხადა, სადაც 2022-2030 წლების საქართველოს ადამიანის უფლებათა დაცვის ეროვნული სტრატეგიაზე იმსჯელეს.
პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, ადამიანის უფლებათა დაცვის ეროვნული სტრატეგიის ახალი დოკუმენტი, რომელიც მთავრობამ შეიმუშავა, კონკრეტულად განსაზღვრავს იმ ნაბიჯებს, რომელიც უნდა გადადგას ცალკეულმა უწყებამ რათა სრულად შეძლოს ყველა ადამიანმა საკუთარი უფლების რეალიზება.
მისივე თქმით, 2022-2030 წლების საქართველოს ადამიანის უფლებათა დაცვის ეროვნული სტრატეგიას პარლამენტი განხილვის შემდეგ დაამტკიცებს.
“მთელი კონცეფცია ადამიანის უფლებების დაცვისა არის სწორედ ის, რომ ერთის მხრივ ეს არის სახელმწიფო, რომელიც შეიძლება ჩაერიოს ადამიანის უფლებების რეალიზაციის პროცესში და ასევე, ეს არის სახელმწიფო, რომელსაც აქვს უპირველესი პასუხისმგებლობა, რომ ეს უფლებები იყოს უზრუნველყოფილი და დაცული. ამ დოკუმენტზე დიდი ხანი მიდიოდა მუშაობა. მინდა მადლობა გადავუხადო მთავრობას, რომ ეს დოკუმენტი შედგა. ეს საკითხი ახლა გადმოცემულია პარლამენტისთვის, რომელიც სათანადოდ განიხილავს. ასევე მიდის მუშაობა სამოქმედო გეგმაზე, რომელიც უკვე კონკრეტულად განსაზღვრავს იმ ნაბიჯებს, რომელიც უნდა გადადგას ცალკეულმა უწყებამ ამ სტრატეგიიდან გამომდინარე მიზნების მისაღწევად“,- განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
პარლამენტის თავმჯდომარემ პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტს და გაეროს განვითარების ფონდს ადამიანთა უფლებების დაცვის კუთხით გაწეული სამუშაოსთვის და მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.
“სტრატეგიაზე, რომელიც მთავრობამ შეიმუშავა, დიდი მუშაობაა გაწეული. ამავე დროს არის პარლამენტი, რომელმაც უნდა განიხილოს ეს საკითხი და საკუთარია მოსაზრებით დაამტკიცოს საბოლოო დოკუმენტი, რომელიც ჩვენ 2030 წლამდე ამ ჩარჩოს მოგვცემს.
მინდა მადლობა გადავუხადო პარტნიორებს და მიხეილ სარჯველაძეს, იმ საქმიანობისთვის, რომელსაც კომიტეტი ამ მიმართულებით აწარმოებს. დიდი მადლობა გაეროს განვითარების ფონდს იმ დახმარებისთვის და მხარდაჭერისთვის, რომელსაც ის ზოგადად ადამიანთა უფლებების დაცვის კუთხით იჩენს, როგორც საქართველოში, აგრეთვე პარლამენტის გვერდით დგომის მხრივ. დღევანდელი ღონისძიება სწორედ გაეროს განვითარების ფონდთან ერთად თანამშრომლობით არის ორგანიზებული. ასევე მინდა მადლობა გადაგიხადოთ მონაწილეებს და ვფიქრობ მნიშვნელოვანია, რომ დისკუსია იყოს გახსნილი“,-განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
თაგები:
შალვა პაპუაშვილი