გუშინდელი იძულებითი შეკრების მიზანი იყო ის, რომ ხალხისთვის ეთქვა, მე კვლავ ვაკონტროლებ სიტუაციას, – ამის შესახებ კონსტიტუციონალისტმა დავით ზედელაშვილმა განაცხადა.
მისივე თქმით, მუქარა გახარიასადმი არის სასოწარკვეთილი მცდელობა, დაარწმუნოს თავისი კლიენტები, რომ შეუძლია ურჩების დასჯა.
“ეს არის ბოლო სასოწარკვეთილი მცდელობა, რომ იმ უკანასკნელი შემოძარცვული ბაზრიდან, რომელიც მას ჰყავდა ამ უკანასკნელ არჩევნებს მოაჩვენოს თავი, რომ პატრონი ისევ აკონტროლებს სიტუაციას. ეს არის ფუნდამენტალურად მნიშვნელოვანი მათთვის, რომ დანარჩენებიც არ გაექცნენ. ძალიან მნიშვნელოვანი რამ გამოჩნდა კვირის ევროპულ აქციაზე, რომ ურბანულ მასებში რეჟიმმა დაკარგა ყოველგვარი ლეგიტიმაცია. ეს ურბანული მასები დასაწყისში იყო ივანიშვილის დასაყრდენი, რითაც მოვიდა ძალაუფლებაში 2012 წელს და აქაც, მეორეს მხრივ, ის ამას უპირისპირებს, ძირითადად, რეგიონებიდან. როდესაც ბელადი გადის თავისი კაბინით რეგიონებში, ძალიან უჭირთ იქ მობილიზაცია და ერთი რეგიონიდან მეორეში მიჰყავთ, როგორც აქ ჩამოიყვანეს გუშინ.
რაც შეეხება ივანიშვილს, რა გასაკვირია იმაში, რომ ბიძინა ივანიშვილში არაფერი არ იყოს ლიბერალური იდეებისადმი მიმღებლობაზე დაფუძნებული. ჩემი აზრით, ივანიშვილს მართლა სჯერა ყველაფერი იმის, რასაც თავის ფულთან დაკავშირებით ამბობს, რომ მას მართლა ჰგონია გლობალური ომის პარტიამ დაუწესა დე ფაქტო სანქციები.
მას ორი მიზანი ჰქონდა, ერთი – კომუნიკაცია იმისა, რომ მოდით და მევაჭრეთ ამაზე ჩემს ფულთან დაკავშირებით, მაგრამ, პროპაგანდისტული დანიშნულება რაშია, რომ ის წარმოადგენს, რომ ეს თვითვიქტიმიზაცია ამ პოპულისტური პროპაგანდის აუცილებელი ნაწილია, რომ მარტო თქვენ კი არ ხართ პოტენციური მსხვერპლი ამ გლობალური ომის პარტიის, არამედ მეც ვარ, მაგრამ მე შემიძლია ხელი შევუბრუნო ისე, რომ ჩემი თავიც დავიცვა და თქვენც, ეს არის მისი გზავნილი. ამ გუშინდელი იძულებითი შეკრების მიზანიც იყო ის, რომ ხალხისთვის ეთქვა მე კვლავ ვაკონტროლებ სიტუაციას. ასევე, მუქარა გახარიასადმი არის სასოწარკვეთილი მცდელობა, რომ დაარწმუნოს თავისი კლიენტები, რომ მას შეუძლია ურჩები დასაჯოს”, – განაცხადა ზედელაშვილმა.