ფეხბურთის გულშემატკივარმა მიმდინარე მუნდიალის ერთ-ერთი გამორჩეული სათამაშო დღე იხილა.
ძალიან საინტერესოდ და ბევრისთვის მოულოდნელად წარიმართა მოვლენები E ჯგუფში, სადაც ტურნირის აშკარა ფავორიტები ესპანეთი და გერმანია, იაპონიასა და კოსტა-რიკასთან ერთად იყვნენ.
გერმანელები იმ შემთხვევაში გავიდოდნენ 1/8 ფინალში თუ ესპანეთი იაპონიასთან არ წააგებდა და თავად კოსტა-რიკას დაამარცხებდნენ (კიდევ იყო თეორიული შანსები, თუმცა ამის განხორციელება პრაქტიკულად წარმოუდგენელიც იყო).
ესპანელები ბევრისთვის მოულოდნელად იაპონიასთან 2:1 დამარცხდნენ და ამ შედეგის ფონზე აზიელები ჯგუფიდან პირველი ადგილით გავიდნენ, ხოლო “ფურია როხა” მეორე პოზიციას დასჯერდა.
თავის შეხვედრა მოიგო გერმანიამაც, მათ კოსტა-რიკა 4:2 დაამარცხეს, თუმცა ეს საკმარისი არ აღმოჩნდა. ასევე, იყო მომენტი როდესაც კოსტა-რიკა 2:1-ს ამარცხებდა მეტოქეს და ანგარიშის შენარჩუნების შემთხვევაში ჯგუფში ესპანეთიც რჩებოდა, მაგრამ საბოლოოდ ფლეი-ოფს მიღმა სწორედ ბუნდეს ნაკრები და სამხრეთ-ამერიკელები დარჩნენ.
მსოფლიო ჩემპიონატის 1/8 ფინალში, იაპონია-ხორვატიას, ხოლო ესპანეთი-მაროკოს დაუპირისპირდება. შესაძლოა, ესპანელთათვის მეორე ადგილით გასვლა უკეთესიცაა, რადგან პირველი პოზიციით გასვლის შემთხვევაში ბევრად რთულ ბადეში ხვდებოდნენ.
2 დეკემბერს გაიმართება ჯგუფური ეტაპის უკანასკნელი შეხვედრები, ფეხბურთის გულშემატკივარი კი ტრადიციულად ოთხ შეხვედრას იხილავს:
H ჯგუფის შეხვედრები თბილისის დროით 19:00 საათზე დაიწყება:
განა – ურუგვაი
სამხრეთ კორეა – პორტუგალია
F ჯგუფის შეხვედრები თბილისის დროით 23:00 საათზე დაიწყება:
კამერუნი – ბრაზილია
სერბეთი – შვეიცარია
ამ მატჩების დასრულების შემდეგ ფლეი-ოფის ყველა მონაწილე გუნდის ვინაობა გახდება ცნობილი.
ნიკოლოზ ბუთლიაშვილი