“ერთიანობის” კოალიცია ამერიკის შეერთებული შტატების მეგობარია. ჩვენთვის უდიდესი პატივია და პრივილეგიაა, მიწვეული ვიყოთ ასეთ მნიშვნელოვან ღონისძიებაზე, – ამის შესახებ “ერთიანობის” წევრმა გია ჯაფარიძემ თინა ბოკუჩავას და გიორგი ვაშაძის აშშ-ში ვიზიტთან დაკავშირებით განაცხადა.
მისივე თქმით, კოალიცია “ერთიანობა” საქართველო-ამერიკას შორის ურთიერთობების აღდგენაზე იმუშავებს.
“როგორც თქვენთვის ცნობილია, თინა ბოკუჩავა და გიორგი ვაშაძე გაემგზავრნენ ამერიკის შეერთებულ შტატებში, მაშინ, როდესაც ბოლო წლებია, “ქართულმა ოცნებამ” დაანგრია ქართულ-ამერიკული ურთიერთობები, “ერთიანობის” კოალიცია მიწვეულია ამერიკის შეერთებულ შტატებში.
ჩვენი მიზანია, ახალი სული შთავბეროთ ქართულ-ამერიკულ ურთიერთობებს და მოვიზიდოთ დასავლური ინვესტიციები საქართველოში. თინა და გიორგი მიწვეული არიან აშშ-ში დემოკრატიული პარტიის ყრილობაზე, სადაც ვიცე-პრეზიდენტი კამალა ჰარისი დასახელდება დემოკრატიული პარტიის საპრეზიდენტო კანდიდატად. როგორც მოგეხსენებათ, უფრო ადრე თინა ბოკუჩავა მიწვეული იყო და დაესწრო აშშ-ის რესპუბლიკური პარტიის ყრილობას, სადაც პრეზიდენტი დონალდ ტრამპი დასახელდა რესპუბლიკური პარტიის საპრეზიდენტო კანდიდატად. ჩვენთვის უდიდესი პატივია და პრივილეგიაა, მიწვეული ვიყოთ ასეთ მნიშვნელოვან ღონისძიებაზე, როცა “ქართული ოცნება” ცილს სწამებს, ლანძღავს და ზურგს აქცევს ამერიკას, ამერიკა ზურგს არ აქცევს საქართველოს და მის მოქალაქეებს. “ერთიანობის” კოალიცია ამერიკის შეერთებული შტატების მეგობარია”, – განაცხადა გია ჯაფარიძემ.
“ერთიანობის” ლიდერები თინა ბოკუჩავა და გიორგი ვაშაძე აშშ-ში დემოკრატიული პარტიის ყრილობაზე გაემგზავრნენ, სადაც ვიცე-პრეზიდენტი კამალა ჰარისი დემოკრატიული პარტიის საპრეზიდენტო კანდიდატად დასახელდება.