ამ საპარლამენტო არჩევნებისთვის „ქართულ ოცნებას“ საქართველოს მოქალაქეებისთვის დაპირება არ აქვს, ის დაპირებას აძლევს მარტო მოსკოვს, – ამის შესახებ “ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის” წევრმა გია ჯაფარიძემ განაცხადა.
მისივე თქმით, ამ კორუფციული სქემებით, საქართველოს მოქალაქეების ძარცვის ხარჯზე მდიდრდება მხოლოდ “ქართული ოცნება“.
“თქვენ გახსოვთ რას ჰპირდებოდა „ქართული ოცნება“ საქართველოს მოქალაქეებს. ჰპირდებოდა უმუშევრობის დაძლევას, მაღალ ანაზღაურებას, დაბალ ფასებს. ამ საპარლამენტო არჩევნებისთვის „ქართულ ოცნებას“ საქართველოს მოქალაქეებისთვის დაპირება არ აქვს, ის დაპირებას აძლევს მარტო მოსკოვს. ის იხდის ბოდიშს, გვთხოვს, რომ ბოდიში მოვუხადოთ დამპყრობელს, ის ამზადებს აფხაზეთის საერთაშორისო დამოუკიდებლობის აღიარებისთვის ნიადაგს. ამ დროს საქართველოს მოქალაქეები იტანჯებიან მაღალი ფასებით, დაბალი შემოსავლებით, სიღატაკით, პენსიონერს არჩევანი აქვს იყიდოს საკვები თუ იყიდოს წამალი. მშობელს არჩევანი აქვს შვილს უყიდოს საკვები თუ უყიდოს სახელმძღვანელოები, რადგან მეტზე შემოსავალი არ ჰყოფნით. ამ ყველაფრის მიზეზი არის ის მონოპოლიები, რომელიც საქართველოში შექმნა „ქართულმა ოცნებამ“. ამ კორუფციული სქემებით, საქართველოს მოქალაქეების ძარცვის ხარჯზე მდიდრდება მხოლოდ „ქართული ოცნება“. 26 ოქტომბერს ჩვენ ყველანი უნდა მივიდეთ არჩევნებზე და დავასრულოთ ეს ფასებიც მაფია, შევცვალოთ ეს ხელისუფლება“, – განაცხადა გია ჯაფარიძემ.