პირველად ხდება საქართველოს ისტორიაში, რომ საქართველო არ იქნება წარმოდგენილი არც დავოსის ეკონომიკურ ფორუმზე და არც მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე, – ამის შესახებ “ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის” წევრმა გია ჯაფარიძემ განაცხადა.
მისივე თქმით, ამის მიზეზი არის ის, რომ ამ ხელისუფლების ლეგიტიმურობას არავინ აღიარებს.
“პირველად ხდება საქართველოს ისტორიაში, რომ საქართველო არ იქნება წარმოდგენილი არც დავოსის ეკონომიკურ ფორუმზე და არც მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე. დავოსის ეკონომიკურ ფორუმი და მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენცია არ არის უბრალო შეკრება, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი თავყრილობები, რომელიც იმართება წელიწადის დასაწყისში, სადაც საერთაშორისო ლიდერებს აქვთ შესაძლებლობა, რომ საპროგრამო განცხადებებით გამოვიდნენ. ჩვენ იქ წარმოდგენილები არ ვართ სწორედ იმის გამო, რომ “ქართულ ოცნებას” მიტაცებული აქვს ხელისუფლება, გაყალბებული აქვს არჩევნები, მათ ლეგიტიმურობას არავინ ცნობს და ყველაფერი ამის ასახვაა ის, რომ არ ვართ წარმოდგენილი არც მიუნხენში, არც დავოსში და “ქართული ოცნება” არ არის წარმოდგენილი არც პრეზიდენტ ტრამპის ინაუგურაციაზე. გაცნობიერებული გვაქვს, თუ რა ჭაობშია ქვეყანა.
სანამ ისინი ინარჩუნებენ ფაქტობრივ ხელისუფლებას, ყოველი დღე არის საქართველოს სახელმწიფოსთვის უკან გადადგმული ნაბიჯი, ყოველი დღე უფრო მეტად გვაახლოებს უფსკრულს, საიდანაც ამოსვლა ძალიან რთულია”, – განაცხადა გია ჯაფარიძემ.