საქართველოს პროკურატურის მიერ ცნობილი ვარ დაზარალებულად, მაგრამ ოთხი თვის განმავლობაში გამოძიება ახალს ვერაფერს მეუბნება. ჩემს ადვოკატებს აქვთ კომუნიკაცია გამომძიებლებთან, მაგრამ არც დამნაშავეები არიან გამოვლენილი, არც ვინმე დაუკავებიათ, – ამის შესახებ “ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის” წარმომადგენელმა გია ჯაფარიძემ განაცხადა.
მისივე თქმით, ის და მისი უფლებადამცველი ითხოვდნენ იმ ჩანაწერებს, რომლებიც ამოღებული აქვს კრიმინალურ პოლიციას, თუმცა ის ჯერ კიდევ ექსპერტიზის ბიუროშია.
“დაახლოებით, ოთხი თვის წინ ჩემზე თავდასხმა, ფიზიკური ანგარიშსწორება იყო. საქართველოს პროკურატურის მიერ ცნობილი ვარ დაზარალებულად, მაგრამ ოთხი თვის განმავლობაში გამოძიება ახალს ვერაფერს მეუბნება. ჩემს ადვოკატებს აქვთ კომუნიკაცია გამომძიებლებთან, მაგრამ არც დამნაშავეები არიან გამოვლენილი, არც ვინმე დაუკავებიათ, მეტიც, “ქართულმა ოცნებამ” შერჩევითი ამნისტია გადაწყვიტა, რომლის საფუძველზეც, შესაძლოა, ამ დანაშაულის ჩამდენი პირებიც გათავისუფლდნენ. ამ ხნის განმავლობაში მე და ჩემი ადვოკატები ვითხოვდით იმ ჩანაწერებს, რომლებიც ამოღებული აქვს კრიმინალურ პოლიციას, ასევე, ჩვენი კორპუსის ჩამწერი სისტემის მასალას, ჩემს პირად ნივთებს, რომლებიც, როგორც კრიმინალური პოლიციის გამომძიებლები ამბობენ, ჯერ კიდევ ექსპერტიზის ბიუროშია”, – განაცხადა გია ჯაფარიძემ.
გია ჯაფარიძეს თავს 9 მაისს დაესხნენ. მას რამდენიმე პირი საკუთარი სახლის სადარბაზოსთან ფიზიკურად გაუსწორდა. საქმეზე დაკავებული ამ დრომდე არავინაა.