წალენჯიხის მერის გია ხარჩილავას განცხადებით, ექსპერტიზამ მისი ავტომობილის აალების მიზეზი დაადგინა და ცეცხლი ხელოვნურად ადამიანის ხელით არის გაჩენილი.
“უსინდისო ვერსია, რომ მანქანა თვითაალებით დაიწვა, გაცამტვერებულია. მე ახლა ხელში მიჭირავს ექსპერტიზის დასკვნა, რომელშიც მთელი დინამიკაა აღწერილი ცეცხლის გაჩენის, ეს არის ადამიანის მიერ გაჩენილი ცეცხლი. ეს გახლავთ პოლიტიკური გზავნილი, არა მხოლოდ პირადად ჩემს, არამედ ჩემი თანამებრძოლების მიმართ, რომ მუჭში მოექცეს წალენჯიხის თვითმმართველობა, მაგრამ წალენჯიხის თვითმმართველობას აქვს მკაფიოდ განსაზღვრული გზა და პოლიტიკა”, – განაცხადა გია ხარჩილავამ.
“ავტომანქანაზე და მის მიმდებარე ტერიტორიაზე ხანძრის გაჩენის კერა მდებარეობს ავტომანქანიდან დაახლოებით 3,5 მეტრ მანძილზე, საავტომობილო გზის შუა ნაწილში ასფალტის ზედაპირზე. საიდანაც ცეცხლი გავრცელდა ავტომანქანის მიმართულებით და გამოიწვია ძლიერი აალება”, – აღნიშნულია დასკვნაში.
წალენჯიხის მერის გია ხარჩილავას მანქანას ცეცხლი 12 ოქტომბერს გაუჩნდა.