არის მძლავრი პროტესტი, ახლა ამ ყველაფერს სჭირდება პოლიტიკური გონი და პოლიტიკური ლიდერი, რომელიც ამ პროცესს მისცემდა მიმართულებას, – ამის შესახებ პოლიტოლოგმა გია ხუხაშვილმა განაცხადა.
მისივე თქმით, ამ ეტაპზე სალომე ზურაბიშვილს აქვს პოლიტიკური რესურსი.
“ჩვენ სხვადასხვა საკმაოდ უადგილო დისკუსიებს ვუყურებთ პოლიტიკურ პროდასავლურ კლასში. თუ ჩვენ ვსაუბრობთ ერთიანობაზე, ერთიანობა უნდა იყოს, მაგრამ არა საარჩევნო, ან პარტიულ კონტექსტში, არამედ ქვეყნის გრძელვადიან ვექტორთან დაკავშირებით – მიდის ევროპისკენ, თუ ბრუნდება რუსეთის იმპერიაში. ამ საკითხში ერთიანობა არ მოითხოვს პარტიულ გაერთიანებებს, ან პოლიტიკურ ხისტ მაგიდას, ეს მოითხოვს კარგ კოორდინაციას და ასეთი კოორდინაციის რესურსი დღევანდელ მოცემულობაში აქვს სალომე ზურაბიშვილს, სხვა პოლიტიკური ფიგურა, რომელიც ამის კაპიტალიზაციას შეძლებს, ჯერჯერობით არ ჩანს.
რაც შეეხება საარჩევნო კონტექსტს, ეს სხვა კონტექსტია და აქ ბუნებრივია, ისინი რჩებიან კონკურენტებად.
მე არ ვარ ოპტიმისტურად განწყობილი, თუმცა თუ დავინახავ რაღაც კონკრეტულ გეგმას, კარგი იქნება გამომდინარე იქიდან, რომ მოცემულობა, რაც დღეს გვაქვს, როდესაც არის მძლავრი პროტესტი, ახლა ამ ყველაფერს სჭირდება პოლიტიკური გონი და პოლიტიკური ლიდერი, რომელიც ამ პროცესს მისცემდა მიმართულებას და შედეგზე იქნება ორიენტირებული”, – განაცხადა გია ხუხაშვილმა.