ერთ მხარეს არის რეჟიმი, რომელთანაც არიან უკანონო გარიგებებში და მეორე მხრივ, ჩნდება შანსი, რომ ყველაფერი დაკარგონ, – ამის შესახებ პოლიტოლოგმა გია ხუხაშვილმა ბიზნესმენებთან დაკავშირებით განაცხადა.
მისივე თქმით, უდანაკარგო გამოსავალი მათთვის არ არსებობს.
“ყველა დადგა გარკვეული დილემის წინაშე, ისე, როგორც ბიძინა ივანიშვილი დგას. ერთ მხარეს არის რეჟიმი, რომელთანაც არიან უკანონო გარიგებებში, ტენდერები აქვთ მოგებული, ეს ყველაფერი არის მათი “ქეისები”, რომელიც მათთვის კომპრომატიც არის. მდიდარი ხალხი დანაშაულში მონაწილეები არიან ხელისუფლებასთან ერთად. მეორე მხრივ, ჩნდება შანსი, რომ ყველაფერი დაკარგონ.
ეს ხალხი ეძებს გამოსავალს. მე შემიძლია, მათ ვუთხრა – უდანაკარგო გამოსავალი არ არსებობს. ნაკლები უბედურება უნდა აარჩიონ და ნაკლები უბედურება არის ის, რომ გამოხვიდეთ ხელისუფლებასთან კოლაბორაციული მდგომარეობიდან, მეტი იფიქროთ ქართულ სახელმწიფოზე და იფიქროთ საკუთარი ტყავის გადარჩენაზე გრძელვადიან პერსპექტივაზე”, – განაცხადა გია ხუხაშვილმა.