spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

გია ხუხაშვილი – “ქართული ოცნების” ბოტები და ტროლები წერენ ძირითადად ნეიტრალიტეტზე და იმისთვის უხდიან ფულს, რომ მიშას აზრები აპიარონ?!

როდესაც ასეთი სენსიტიური თემა შემოდის დისკუსიაში, ხელისუფლებას უნდა ჰქონდეს მკაფიო პოზიცია, – ამის შესახებ  Front News-ს ანალიტიკოსმა გია ხუხაშვილმა ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მამუკა მდინარაძის განცხადების კომენტირებისას განუცხადა. 

 

მისი თქმით, სოციალურ ქსელში სწორედ „ქართული ოცნების“ მხარდამჭერები, ბოტები და ტროლები უწევენ ნეიტრალიტეტის თემას პოპულარიზაციას. 

 

“როდესაც ასეთი სენსიტიური თემა შემოდის დისკუსიაში, ხელისუფლებას უნდა ჰქონდეს მკაფიო პოზიცია და არა ის,  რომ კომენტარს არ გავაკეთებ.  ხელისუფლებამ უნდა  თქვას თავისი პოზიცია, რომ არ განიხილავენ ნეიტრალიტეტის თემას. 

 

დისკუსიას ყველა ვადევნებთ თვალს სოციალურ ქსელში, ძირითადად, „ქართული ოცნების“ მხარდამჭერები არიან ნეიტრალიტეტის მომხრეები. ზუსტად ის ხალხი ლობირებს ნეიტრალიტეტს, რომელიც მხარს „ქართულ ოცნებას“ უჭერს.  მაშინ,  თავის მხარდამჭერებს უთხრან, რომ დაოკდნენ და მათი ლიდერები ამ თემას არ განიხილავენ. 

 

ძალიან კარგი,  თუ არ განიხილავენ და ჩაიხსნება ეს თემა. მათი ბოტები და ტროლები წერენ ძირითადად ამ თემაზე, ხელფასზე ჰყავთ ეს ხალხი. მაშინ ამ ბოტებსა და ტროლებს იმისთვის უხდიან ფულს, რომ მიშას აზრები აპიარონ?!“- განაცხადა ხუხაშვილმა. 

 

მისივე თქმით, თუ ამ თემის ტირაჟირება  მიხეილ სააკაშვილისა და მისი მხარდამჭერების ინტერესებში შედის, მაშინ გამოდის, რომ „ქართული ოცნების“ მხარდამჭერები რეალურად ოპოზიციის მხარეს გადასულან. 

 

“თუ ამ ლოგიკას გავყვებით, რომ ეს თემა  მიშას შემოგდებულია, მაშინ „ქართული ოცნების“ მხარდამჭერებს მინდა ვუთხრა, ბოლო ბოლო ჩამოყალიბდნენ, მიშისტები არიან, თუ ოცნებისტები. თუ ლატენტური მიშისტები არიან, ესეც თქვან გულახდილად. 

 

ეს არის ძალიან უხარისხო თამაში და მეტი არაფერი“, – განაცხადა გია ხუხაშვილმა. 

 

ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მამუკა მდინარაძის განცხადებით,  ნეიტრალიტეტის თემა მიხეილ სააკაშვილის „შემოგდებულია“  და ამ თემაზე დასმულ კითხვასაც არ უპასუხებენ, ამასთან ოპოზიციის გაჟღერებულ არცერთ ინიციატივას აღარ განიხილავენ. 

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები