საქართველო კრიტიკულ ეტაპზეა, სადაც ხელისუფლებისა და ოპოზიციის მოქმედებებზე ქვეყნის მომავალია დამოკიდებული, – ამის შესახებ პოლიტოლოგმა გია ხუხაშვილმა განაცხადა.
მისივე თქმით, ხელისუფლება იყენებს ყველა შესაძლო ინსტრუმენტს იმისთვის, რომ დაასუსტოს საზოგადოებრივი მოძრაობა.
“დღეს უწყვეტი საპროტესტო აქციების 100-ე დღეა, რაც უპრეცედენტო მოვლენაა საქართველოს ისტორიაში. ამ ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში ენერგია არ განელებულა, პროტესტის მუხტი არ დაუკარგავთ და საზოგადოებრივი მხარდაჭერა კვლავ ძლიერია.
ხელისუფლების მხრიდან საპასუხო ქმედებები პროგნოზირებადია – ისინი იყენებენ ყველა შესაძლო ინსტრუმენტს იმისთვის, რომ დაასუსტონ საზოგადოებრივი მოძრაობა ან მაქსიმალურად შეამცირონ საპროტესტო აქციებში მონაწილე ადამიანების რაოდენობა. ამისთვის კი არ ერიდებიან დაშინებას, შანტაჟს და ყველა იმ ბინძურ მეთოდს, რაც ავტორიტარულ რეჟიმებს ახასიათებთ.
პროტესტის წარმატება ორი ძირითადი ფაქტორის – საგარეო და საშინაო პროცესების სწორად შერწყმას საჭიროებს. საგარეო ფაქტორი – უნდა გაძლიერდეს სანქციები და საერთაშორისო ზეწოლა საქართველოს მთავრობის მიმართ. საშინაო ფაქტორი – მთავარი პრობლემა პოლიტიკურ პარტიებს შორის დაპირისპირებაა.
ამ ეტაპზე პროტესტს არ ჰყავს მკაფიო “მხედართმთავარი“, ვინაიდან საზოგადოება პოლიტიკური კლასის მიმართ ნდობას არ გამოხატავს. თუმცა, პოლიტიკოსებიც არ დგამენ ქმედით ნაბიჯებს ნდობის აღსადგენად და საპროტესტო მოძრაობისთვის სათავეში ჩასადგომად.
დღეს, ერთადერთი ფიგურა, რომელსაც გარკვეული ნაბიჯების გადადგმის რესურსი აქვს, პრეზიდენტია. თუმცა, საზოგადოებაში არსებული პოლიტიკოსების მიმართ უნდობლობა რაღაც მხრივ რეალურია და გარკვეულწილად გამართლებულიცაა.
საქართველო კრიტიკულ ეტაპზეა, სადაც ხელისუფლებისა და ოპოზიციის მოქმედებებზე ქვეყნის მომავალია დამოკიდებული. თუმცა, მთავარი ფაქტორი კვლავ ქუჩაში მდგარი ადამიანები და მათი შეუპოვრობაა, რაც 100 დღის განმავლობაში ნათლად გამოჩნდა”, – განაცხადა ხუხაშვილმა.