“ქართული ოცნების“ დეპუტატის გია ცაგარეიშვილის განცხადებით, საქართველო უკრაინას ეხმარება, თუმცა სანაცვლოდ არამეგობრულ განცხადებებს იღებს.
“ჩვენ მილიონ ლარზე მეტი ღირებულების გენერატორები გავგზავნეთ უკრაინაში. ეს გენერატორები გადანაწილდება იმ ქალაქებში, რომლებიც განსაკუთრებული აგრესიის მსხვერპლნი არიან პუტინისა და რუსეთის შეიარაღებული ძალების მხრიდან. გრძელდება პროვოკაციები და არამეგობრული ნაბიჯები. როგორც ჩანს, ამას დასასრული არ აქვს, რაც ძალიან გულდასაწყვეტია.
ჩვენ გაცხადებული გვაქვს ჩვენი პოზიცია, ვიდრე უკრაინა ომის ქარცეცხლში იქნება გახვეული, ჩვენ ამაზე მეტად მკაცრ განცხადებებს შეგნებულად არ გავაკეთებთ, მიუხედავად იმისა, რომ უამრავი ადამიანი პირდაპირ ერევა საქართველოს საშინაო საქმეებში, მიუხედავად იმისა, რომ მიხეილ სააკაშვილი ოდესის პორტის გავლით შემოვიდა საქართველოში ხელისუფლების დასამხობად. ნაცვლად იმისა, რომ ახსნან კოლეგებმა, რა უნდოდა და რატომ შემოვიდა სააკაშვილი, რა გზით, რა ხერხებით, არის მუდმივი ქილიკი, ლანძღვა, მუქარა, რაც ჩვენ არ დაგვიმსახურებია.
30 ათასზე მეტი უკრაინელი ცხოვრობს აქ. ჰკითხეთ, როგორ ცხოვრობენ ეს ადამიანები, სასწავლო პროგრამები ხომ არ გვაქვს მათი ბავშვებისთვის? შემთხვევით ძალიან დიდი ფინანსური დახმარებები ხომ არ არის გამოყოფილი? ყველა დაპურებული და დაბინავებული ხომ არ არის? ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ, რომ ამ ადამიანებს, განსაკუთრებით, ბავშვებს, გავუხალისოთ გამწარებული ცხოვრება“, – განაცხადა ცაგარეიშვილმა.