spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

გია ცაგარეიშვილი – ჩვენ მივდივართ ევროპისკენ, არ მივდივართ პუტინისკენ, ღმერთმა დაგვიფაროს

ჩვენ, რა თქმა უნდა, ვაპირებთ, ვიაროთ ევროპისკენ უკანმოუხედავად, შეუქცევადად, ამ გზაზე ვინც არ უნდა გვაძაგებდეს და ხელაღებით ამბობდეს, თურმე ჩვენ გადავუხვიეთ გზას, – განაცხადა ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილემ გია ცაგარეიშვილმა საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში.

“ხელისუფლება როგორი ეპითეტებითაც არ უნდა შეამკონ, გავაგრძელებთ სვლას და აუცილებლად მივიყვანთ ამ ქვეყანას ევროკავშირამდე. ხომ გახსოვთ, ალიაქოთი რომ იყო ატეხილი, კითხვარის პირველი და მეორე ნაწილი გამოაქვეყნეთო?! ჩვენ ორივე ნაწილი გამოვაქვეყნეთ და ბატონი ნუგზარ წიკლაური რომ ამბობს, ხელისუფლებამ პასუხები დაგვიმალაო, ათასობით კითხვა იყო და თავს დავდებ, ამ ორი კითხვარიდან ერთი კითხვა მაინც თუ ჰქონდეს წაკითხული ამ ბატონს და მის მეგობრებს. არც ერთი კითხვა არ აქვთ წაკითხული“, – განაცხადა ცაგარეიშვილმა.

მისი თქმით, ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს, რათა საქართველოსთვის ისტორიული გადაწყვეტილება ძალიან მალე დადგეს.

“ყველა მიმართულებით ვდგამთ ნაბიჯებს. ასევე, რა თქმა უნდა, ოპოზიციასთან კონსტრუქციული დიალოგი ეს არის დღის წესრიგის ერთ-ერთი უმთავრესი შემადგენელი ნაწილი“, – განაცხადა ცაგარეიშვილმა.

როგორც ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილემ აღნიშნა, „ნაციონალურ მოძრაობას“ წარმოუდგენია, რომ მხოლოდ მიხეილ სააკაშვილის და „ნაციონალური მოძრაობის“ ხელში შეიძლება, ქვეყანამ როდესმე რამე წარმატებას მიაღწიოს.

“მათ სხვანაირად, საერთოდ, არც წარმოუდგენიათ არსებობა ამ ქვეყანაზე, პოლიტიკაში ყოფნა და გადაიქცნენ სექტანტურ მოძრაობად, რომლებსაც ჰყავთ რაღაც ცრუ ღმერთი, მიხეილ სააკაშვილის სახით, იმაზე იწერენ პირჯვარს და არიან თავიანთ ქვაბში მოხარშული; არაფერს შეისმენენ გვერდიდან, საღ აზრს არ მოისმენენ და ფიქრობენ, რომ მხოლოდ ისინი არიან ამ ქვეყნის აღმაშენებლები, გამათავისუფლებლები და ა.შ. თან, ხან ერეკლე II-ს ლანძღავენ, ხან დავით აღმაშენებელს აძაგებენ. გადაწერა უნდათ ჩვენი ისტორიის. უნდათ ახალი ქართველის გამოძერწვა, რაც ერთხელ მოინდომეს და ჩაუფლავდათ. ეს არ გამოუვიდათ და ვერც გამოუვათ, ვერანაირად. ხან ეკლესიას ლანძღავენ-თათხავენ, ხან კიდევ პრეზიდენტს ლანძღავენ ერთ დღეს, მეორე დღეს კი ეუბნებიან, სააკაშვილი შეიწყალეო“, – განაცხადა ცაგარეიშვილმა.

 

მისივე თქმით, ევროპული არჩევანი არის ჩვენი წინაპრების ისტორიული არჩევანი და „ქართული ოცნების“ ხელისუფლებამ ეს საქართველოს კონსტიტუციაში ასახა, რაც არც ერთ პოლიტიკურ პარტიას არ გაუკეთებია.

 

“ჩვენ მივდივართ ევროპისკენ. არ მივდივართ რუსეთისკენ. მივდივართ ევროატლანტიკური ცივილიზაციისკენ. არ მივდივართ პუტინისკენ, ღმერთმა დაგვიფაროს. პუტინი არის დამპყრობელი, მათ შორის საქართველოში ჩვენი მიწა-წყლის 20%-ის, არის ოკუპანტი და საქართველოში ასეთად არის აღქმული. ეს არის ადამიანი, რომელმაც საშინელი, სისხლისმღვრელი ომი გააჩაღა უკრაინაში და დარწმუნებული ვარ, ეს ომი, ადრე თუ გვიან, ჩვენი უკრაინელი დების და ძმების გამარჯვებით დასრულდება“, – განაცხადა ცაგარეიშვილმა.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები