მზად ვართ, თუნდაც, დღე-დღეზე წამსვლელ ადმინისტრაციასთან, მომავალ ადმინისტრაციასთან, კონგრესსა თუ სენატში ვიმუშაოთ, რომ ჩვენი ურთიერთობები არათუ აღდგეს, არამედ დაუბრუნდეს იმ პოზიციას, რასაც თანასწორუფლებიანი პარტნიორი დამოკიდებულება ჰქვია, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა გია ვოლსკიმ განაცხადა.
მისი თქმით, ყველაფერი, რაც საქართველოსთან მიმართებაში ხდება, ევროკავშირის ტრიბუნიდან თუ აშშ-ის ადმინისტრაციიდან, ეს იმ მძიმე ვითარების გამოძახილია, რომელიც რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ წარმოიშვა.
“ომი მიმდინარეობს და რასაკვირველია, საქართველო ამ დაპირისპირების თეატრის ერთ-ერთი სეგმენტია. ამ შემთხვევაში საქართველოსგან გარკვეული პოზიციის დაფიქსირება მოითხოვება. გარკვეულ საკითხებზე ვთანხმდებით, რაღაც საკითხებზე პრინციპულად ვერ ვთანხმდებით და ეს ჩვენი ხელისუფლების მიმართ გარკვეულ გაღიზიანებას იწვევს, რომელმაც გადაწყვიტა, რომ რუსეთთან დაპირისპირებაში არ შევიდეს, რადგან ეს საქართველოსთვის შეუქცევადი ნგრევის ტოლფასი იქნება. ეს დამოკიდებულება გასაგებია, მაგრამ ერთიც უნდა გვახსოვდეს, ჩვენ აშშ-დანაც ორპარტიული მხარდაჭერა გვჭირდება, ამიტომ მზად ვართ, თუნდაც, დღე დღეზე წამსვლელ ადმინისტრაციასთან, თუნდაც მომავალ ადმინისტრაციასთან, თუნდაც ერთად კონგრესსა თუ სენატში ვიმუშაოთ, რომ ჩვენი ურთიერთობები არათუ აღდგეს, არამედ დაუბრუნდეს იმ პოზიციას, რასაც თანასწორუფლებიანი პარტნიორი დამოკიდებულება ჰქვია. ამის წინაპირობა და გამოცდილება არსებობს და ამას ჩვენ ვიხილავთ, როგორც დროებით ნეგატიურ მოვლენას, რომელიც აუცილებლად პოზიტივებით შეიცვლება, როდესაც მსოფლიო პოლიტიკა გადალაგებას დაიწყებს და ორიენტირი მშვიდობაზე იქნება აღებული და არა იმ ომებზე, რომელიც მსოფლიოს ემატება და ემატება“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.