“ფედერალისტების” ლიდერები შეერთებულ შტატებში წინასაინაუგურაციო ვიზიტის ფარგლებში რესპუბლიკელ სენატორებს, კონგრესმენებს, წარმომადგენელთა პალატის სპიკერს და მომავალი ადმინისტრაციის აპარატის წევრებს შეხვდნენ.
ამის შესახებ “ფედერალისტების” თავმჯდომარემ გიგა ბოკერიამ “ფორმულას” ეთერში ისაუბრა და პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის ვიზიტის მნიშვნელობასაც გაუსვა ხაზი.
ბოკერიამ აღნიშნა, რომ სალომე ზურაბიშვილს, რომელსაც აქვს მკაფიო პოლიტიკური მანდატი, ისაუბროს პროტესტის სახელით, ჰქონდა შესაძლებლობა, პირადი კომუნიკაცია და ინტერაქცია ჰქონოდა აშშ-ის მომავალ სახელმწიფო მდივანთან მარკო რუბიოსთან და სხვა მაღალჩინოსნებთან.
“ჩვენ გვაქვს რთული ამოცანა, სანამ გვყავს ივანიშვილის რეჟიმი ხელისუფლებაში – როცა აშშ-ში იცვლებიან ადამიანები, რომლებიც დაკავებულები იქნებიან ჩვენი რეგიონით, ჩვენი ქვეყნით და როდესაც შიდა დისკუსია მიმდინარეობს, თუ როგორი უნდა იყოს ამერიკის საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტები და დაიხარჯოს პოლიტიკური რესურსი, ჩვენ უნდა ვიყოთ ამ დღის წესრიგში ჩვენი ეროვნული ინტერესებით წარმოდგენილი და როცა არ გყავს მთავრობა, რომელიც ამაზე მუშაობს და დაპირისპირებულია თავისუფალ სამყაროსთან, ეს ამოცანა ძალიან რთულდება. ამიტომ არის მნიშვნელოვანი, რომ ამ უმაღლეს დონეზე საქართველოს პრეზიდენტს ჰქონდა იმ გზავნილების მიტანის შესაძლებლობა, რაზეც მან ისაუბრა FOX NEWS-ს ეთერშიც…
ჩვენ გვქონდა გუშინ, კიდევ ერთ წვეულებაზე შესაძლებლობა, რომ წარმომადგენელთა პალატის სპიკერი მაიკ ჯონსონი გაგვეცნო. პრეზიდენტ ზურაბიშვილმა ის წინა დღით გაიცნო. მან საქართველოზე საუბრისას გვითხრა, რომ შეხვდა ჩვენს პრეზიდენტს, FOX-ის ეთერი ნახა და აღნიშნა, რომ ზურაბიშვილმა კარგად გამოიყენა ეს ეთერი”, – განაცხადა გიგა ბოკერიამ.
მისი თქმით, საქართველო უნდა იყოს აშშ-ს სტრატეგიული ხედვის რუკაზე, რადგან ამის გარეშე, ჩვენი რისკები, იმ უზარმაზარი საფრთხის წინაშე, რაც მოდის რუსეთისგან, ასმაგად იზრდება.
“ამიტომ იმ პირობებში, როცა ხელისუფლება არ გვყავს, რომელიც ამაზე იმუშავებს და ამის საპირისპიროდ მუშაობს, ყველა ამ ტიპის ინტერაქცია ჩვენთვის არის მნიშვნელოვანი და ამიტომ მიმაჩნია, რომ პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა კარგად შეასრულა ის სამუშაო, რაც ჩვენს ქვეყანას დღეს სჭირდება”, – აღნიშნა მან.
გიგა ბოკერიამ ფედერალისტების გზავნილებზეც ისაუბრა.
“ჩვენი გზავნილი მოკლედ რომ ჩამოვაყალიბო – ეს არის ქართველი ხალხის თავისუფლების მხარდაჭერა, რაც პირდაპირ უკავშირდება პროტესტს ქუჩაში. ამას გარდა, თავისუფალ სამყაროს აქვს პრაგმატული ინტერესი, რომ ამ რეგიონში, თავისუფალი სამყაროს ინტერესების დასაცავად არსებობდეს ქვეყანა, სადაც საზოგადოება არის ცალსახად ნაწილი დასავლური ცივილიზაციის. არის პროდასავლური, პროამერიკული და პროევროპული კი არა, ნაწილია ამ სამყაროსი და ბუნებრივი მოკავშირეა და საქართველოს დაცულობა იქნება ფაქტორი, ყველა იმ აგრესიული ძალის შეკავებისა, რომელიც ჩვენს რეგიონში არსებობს – რუსეთი და მისი მოკავშირე ტირანიები, სამწუხაროდ, ჩინეთი, რომელიც მისი მოკავშირეა და სხვა საფრთხეები, რომელიც ჩვენს რეგიონში არსებობს. საქართველოს შიგნით სახელმწიფოებრიობის კოლაფსი, რაც არის რუსეთის ამოცანა და რასაც ხელს უწყობს ჩვენივე ხელისუფლება, იქნება არამარტო ქართველი ხალხის ტრაგედია, არამედ დარტყმა თავისუფალი სამყაროს პრაგმატული უსაფრთხოების ინტერესებისთვის”, – განაცხადა ბოკერიამ ტელეკომპანია “ფორმულას” ეთერში ვაშინგტონიდან ჩართვისას.