ეს ბოდვა არის პირდაპირ პუტინისტური პროპაგანდა, რაც არის დიაგნოზი, – ასე გამოეხმაურა „ევროპული საქართველოს“ ლიდერი გიგა ბოკერია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის განცხადებას.
ბოკერიას თქმით, დღევანდელი ხელისუფლება უკვე ღიად უპირისპირდება დასავლეთს.
“დღეს ჩვენ გვყავს მმართველი ივანიშვილი და მისი გარემოცვა, რომელიც ნებისმიერ ვითარებაში შეერთებულ შტატებში და დასავლეთში ხედავს საფრთხეს და აძლევს თავს უფლებას ეს პუტინისტური ბოდვა გაიმეოროს, რომ არა მარტო უკრაინის ხელისუფლებას, ან ოპოზიციას არამედ მთელ თავისუფალ სამყაროს, ამერიკას უნდა საქართველოს ჩათრევა ომში. ეს ბოდვა, რაც არის პირდაპირ პუტინისტური პროპაგანდა, ეს არის თავისთავად დიაგნოზი“, – განაცხადა ბოკერიამ.
ირაკლი კობახიძის განცხადებით, შვეიცარიული ბანკის გადაწყვეტილება, ივანიშვილის კომპანიისთვის თანხის გადარიცხვა შეაყოვნოს, შესაძლოა, დასავლეთთან „კოორდინაციის შედეგი“ იყოს. მისივე თქმით, არ გამორიცხავს ეს იყოს იმის მცდელობა, რომ ბიძინა ივანიშვილი მისი ნების წინააღმდეგ შემოაბრუნოს ქართულ პოლიტიკაში იმისათვის, რომ ქვეყანა ომში ჩაერთოს.