ეს კვლევა აჩვენებს, რომ ივანიშვილის რეჟიმის მარცხი იქნება ძალიან მძიმე, თუ მოქალაქეები მოვლენ არჩევნებზე,- ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ლიდერმა გიგა ბოკერიამ ჟურნალისტებთან IPSOS-ის კვლევის შედეგების კომენტირებისას განაცხადა.
მისი თქმით, შესაძლოა, პროტესტიც ბრძოლის აუცილებელი ნაწილი გახდეს.
“მკაფიო მარცხი ელის ივანიშვილის რეჟიმს თუ ჩვენი მოქალაქეები მოვლენ ამ არჩევნებზე, თავის თავისუფალ ნებას დააფიქსირებენ. ერთადერთი იარაღი, რაც ივანიშვილის რეჟიმს აქვს ახლა, გარდა უკანონო ძალადობრივი მოსყიდვისა, არის უიმედობა და მოქალაქეების არმოსვლა არჩევნებზე. ამიტომ, მინდა ვისარგებლო და ვუთხრა ყველას, ვისაც სურს ამ დამანგრეველი კურსის ფუნდამდენტურად შეცვლა, უნდა მოვიდეთ არჩევნებზე და მაშინ ჩვენი მოქალაქეების ნებას წინ ვერაფერი დაუდგება. ეს კვლევა აჩვენებს, რომ მარცხი იქნება ძალიან მძიმე, თუ მოქალაქეები მოვლენ არჩევნებზე. სწორედ ამიტომ აკეთებენ ამ უტიფარ, ბრიყვულ განცხადებებს – „2 პროცენტიც რომ ავიღოთ, არ იქნება არჩევნები“. სწორედ ამიტომ გავიდნენ იმ ვალდებულებიდან, რომ შედეგის ეშინიათ. ეს არის მათი ტაქტიკა, რომ მოქალაქეებში უიმედობა დანერგონ, რომ აზრი არ აქვს არჩევნებს. მთავარია, ახლა დიდი მარცხი დაფიქსირდეს და შემდეგ ურთულესი იქნება მათი მხრიდან წინააღმდეგობის გაწევა ჩვენი საზოგადოების ნებისთვის და ამ ნებაზე დაყრდნობით პარტნიორების ზეწოლისთვის.
მშვიდობიანი და მწვავე პროტესტი შეიძლება აუცილებელი ნაწილი გახდეს ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობის და თავისუფლების გადასარჩენად ბრძოლისთვის, ოღონდ პირველი ამოცანა ჯერ არის ივანიშვილის რეჟიმის მარცხი, რაც იქნება გადამწყვეტი ფაქტორი. ამ პროცესში შესაძლოა, რა თქმა უნდა, პროტესტი საჭირო გახდეს,“ – განაცხადა ბოკერიამ.
IPSOS-ის კვლევით, “ქართული ოცნება” – 35%-ს იღებს , “ნაციონალური მოძრაობა” – 30%, “საქართველოსთვის” – 9, “ევროპული საქართველო” – 4%, “ხალხისთვის” – 4%, “ლელო” – 3%, “მესამე ძალა” – 3%.