ნორმალურ ვითარებაში მხოლოდ დაცინვას იმსახურებს პოლიტიკური ლიდერის ასეთი განცხადება, რაც მოვისმინეთ მელიასგან – ასე გამოეხმაურა “ევროპული საქართველოს” ლიდერი გიგა ბოკერია “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარის ნიკა მელიას იმ განცხადებას, სადაც მან უნამუსოები უწოდა ყველას, მათ შორის გიგა ბოკერიას, ვინც მასოიბრივი შიმშილობის აქციას სტრატეგიულად არასწორ გადაწყვეტილებად მიიჩნევს.
ბოკერიას თქმით, ყველაზე დიდი ოპოზიციური პარტიის გადაწყვეტილებები გავლენას ახდენს ქვეყნაში ვითარებაზე და მათ შორის ოპპოზიციურ ამომრჩეველზე.
“ნორმალურ ვითარებაში მხოლოდ დაცინვას იმსახურებს პოლიტიკური ლიდერის ასეთი განცხადება, რაც მოვისმინეთ მელიასგან, მაგრამ ისეთი მძიმე ვითარებაა, საჭიროდ ვთვლი, რომ სერიოზული პასუხი გავცე – როდესაც ხარ ლიდერი ყველაზე დიდი ოპოზიციური პარტიის, შენი გადაწყვეტილებები გავლენას ახდენს არა მარტო შენი პარტიის ბედზე, არამედ მთლიანად ქვეყანაში ვითარებაზე და პირველ რიგში, ოპოზიციურ ამომრჩეველზე. როცა იჩენენ უპასუხისმგებლობას, არათანმიმდევრულობას, როცა გუშინ ნათქვამს დღეს გადათქვამ, დაპირდები ხალხს, რომ წლის ბოლომდე რეჟიმს დაამთავრებ, ამას მოყვება რეაქცია სხვა ოპოზიციური პარტიებიდან, ვინც საღად ხედავს ვითარებას. „ევროპული საქართველოსგანაც“ და ჩემგანაც, ეს ჩვენი ვალია, რომ საზოგადოებას ვუთხრა, რა მიგვაჩნია არასწორად. სანამ „ნაციონალური მოძრაობა“ ყველაზე მსხვილი ოპოზიციური პარტიაა, მოუწევს მის ლიდერს ამასთან შეგუება”, – განაცხადა ბოკერიამ.