სჯობს გვიან, ვიდრე უფრო გვიან და კიდევ უფრო, ვიდრე არასდროს, ახლა მაინც დატოვოს ოპოზიციამ პარლამენტი – ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ თავმჯდომარემ გიგა ბოკერია აცხადებს.
მისი თქმით, “ქართული ოცნების” გადაწყვეტილება პარლამენტის დეპუტატებისათვის დეპუტატის უფლებამოსილების შეჩერების შესახებ ოპოზიციის მნიშვნელოვანი ნაწილის არათანმიმდევრიული ნაბიჯების შედეგია. ამასთან, ბოკერია აღნიშნავს, რომ ელენე ხოშტარიას, განსხვავებით სხვა დეპუტატებისა, პოზიცია არ შეუცვლია და ცინიზმია მისთვის უფლებამოსილების გაცდენების გამო შეწყვეტა.
“ჩემი აზრით, არაფერი მოულოდნელი არ მომხდარა, სანამ არ იქნება ახალი პოლიტიკური კრიზისი, რომელიც შეანჯღრევს ივანიშვილის გარემოცვას და ივანიშვილს შიგნით და გარედან წნეხის თვალსაზრისით ერთდროულად, მანამ ისინი თვლიან, რომ შეუძლიათ მუდმივად ძალის დემონსტრირება. ამაში ხედავენ შემდგომში თავიანთი ძალაუფლების განმტკიცების ინსტრუმენტს და რაღაც ლოგიკა ამაში არის. ისინი სარგებლობენ ოპოზიციის მნიშვნელოვანი ნაწილის დაშვებული შეცდომებით და ასე უტიფრად იქცევიან. ოღონდ ერთი მნიშვნელოვანი დეტალია, ელენე ხოშტარიამ განსხვავებით ბადრი ჯაფარიძისა და შალვა ნათელაშვილისაგან, პოზიცია არ შეიცვალა, ცინიზმია “ქართული ოცნებიდან”, რომ მას უწყვეტენ უფლებამოსილებას არა მისი განცხადების, არამედ გაცდენების გამო” , – განაცხადა ბოკერიამ.
მისივე განცხადებით, არც ახლაა გვიან, რომ ოპოზიციამ პარლამენტი დატოვოს.
“სჯობს გვიან, კიდევ უფრო გვიან, ვიდრე არასდროს. დღესაც იგივე ინსტრუმენტი არსებობს, ან უფრო რადიკალური გზით წასვლის და პარლამენტის დატოვების, ან კონკრეტული პირობის დაყენების მაინც”, – განაცხადა ბოკერიამ „ტვ პირველის“ ეთერში.