ერთადერთი დაპირება, რაც ივანიშვილს მმართველობის 12 წლის თავზე გააჩნია, არის ოპოზიციის განადგურება, – ამის შესახებ კოალიცია “ცვლილებებისთვის” წევრმა გიგა ლემონჯავამ განაცხადა.
მისი თქმით, საქართველოს მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობა დაიღალა მუდმივი დაპირისპირებით.
“საქართველოს მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობა დაიღალა მუდმივი დაპირისპირებით, აგრესიითა და ძალადობით. ხალხს უამრავი პრობლემა აქვს და პოლიტიკური კლასისგან ამ პრობლემების გადაჭრას ელის. უმთავრეს საკითხად საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანება რჩება. ადამიანებმა კარგად იციან, რომ ჩვენი ქვეყნის ევროკავშირში საბოლოო ინტეგრაცია ავტომატურად ნიშნავს მათი საბაზისო პრობლემების მოგვარებას.
ამ ფონზე, ხელისუფლებას არაფერი აქვს სათქმელი საკუთარი ხალხისთვის. “ქართული ოცნება” ვერ საუბრობს როგორ გაზრდის საქართველოს ეკონომიკას, როგორ შეიყვანს ჩვენს ქვეყანას ევროკავშირსა და ნატოში, როგორ გაუმჯობესდება ადამიანების სოციალური მდგომარეობა. ერთადერთი დაპირება, რაც ივანიშვილს მმართველობის 12 წლის თავზე გააჩნია არის ოპოზიციის განადგურება”, – განაცხადა გიგა ლემონჯავამ.
“ქართული ოცნების” საპატიო თავმჯდომარემ ბიძინა ივანიშვილმა გუშინდელ გამოსვლაზე განაცხადა, რომ რომ საკონსტიტუციო უმრავლესობა “ქართულ ოცნებას” სჭირდება “ნაციონალური მოძრაობის” გასასამართლებლად.