ეს შეხვედრა დასრულდა ორივე მხარისთვის ამ ეტაპზე წაგებით. ყველაზე ცუდი შეიძლება ის იყოს, რომ დიალოგი აღარ გაგრძელდება, კარგი კი ის არის, რომ მათ დაინახეს ერთმანეთის პოზიცია, – ამის შესახებ ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრის უფროსმა მკვლევარმა გიგი გიგიაძემ განაცხადა.
მისივე თქმით, დონალდ ტრამპის მიზანი ომში დაზავების მიღწევაა, რომელიც უკრაინის თანხმობის გარეშე ვერ შედგება.
“ჩვენ გავხდით არაორდინარული შეხვედრის მოწმე, მაგრამ მძიმე ემოციური ფონის მიუხედავად, უნდა შევაფასოთ ის, რაც მოხდა. ტრამპი უჩვეულო მოლაპარაკებებს სთავაზობს, ის ღია ფორმატში ესაუბრება სხვადასხვა ქვეყნების ლიდერებს.
ამ ფორმატმა არ მისცა მათ შესაძლებლობა, რომ განსხვავებული გზავნილები მიეწოდებინათ საზოგადოებისთვის და შესაბამისად, ეს შეხვედრა დასრულდა ორივე მხარისთვის ამ ეტაპზე წაგებით. ყველაზე ცუდი შეიძლება ის იყოს, რომ დიალოგი აღარ გაგრძელდება, კარგი კი ის არის, რომ მათ დაინახეს ერთმანეთის პოზიცია. ამერიკას სურს წინსვლის მიღწევა, მაგრამ ისინი ამას უკრაინის გარეშე ვერ გააკეთებენ, მათ სჭირდებათ უკრაინის დაყოლიება, რომელიც მათ მიაჩნიათ, რომ იქნება დაზავების გარანტორის ტიტულის მიმნიჭებელი ტრამპისთვის, მაგრამ მეორე მხრივ, შეუძლებელი იქნება აქედან ევროპის გამორიცხვა.
ევროპამ გაცილებით მეტი დახმარება გაუწია უკრაინას, ვიდრე აშშ-მა, შესაბამისად, აქაც გვესმის იმავე ნარატივის გამეორება, რაც აქამდე იყო იდენტიფიცირებული სხვადასხვა ევროპელი ლიდერების მიერ, როგორც არაკორექტული.
დადებით ჭრილში ეს შეხვედრა იყო ის, რომ ეს პირველი რაუნდი იყო აშშ-სა და უკრაინის მოლაპარაკებების. ტრამპი დაინტერესებულია, რომ დაიყოლიონ უკრაინა და შედგეს ზავი, მაგრამ უკრაინის თანხმობის გარეშე ვერ მოხდება უკრაინაში მშვიდობაზე რაღაც ფორმით შეთანხმება”, – განაცხადა გიგი გიგიაძემ.
აშშ-სა და უკრაინის პრეზიდენტებს შორის შეხვედრა დასრულდა, რის შემდეგაც აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ვოლოდიმირ ზელენსკი მშვიდობისთვის მზად არ არის.