კანონმა, რომელზეც მსჯელობა მიდის, ჩვენს ქვეყანას უკვე უზარმაზარი ზიანი მიაყენა, – ამის შესახებ “ერთიანობა-ევროპული საქართველოს” წევრმა გიგი წერეთელმა განაცხადა.
მისივე თქმით, ამ კანონზეა დამოკიდებული, როგორ განვითარდება ქვეყანა.
“კანონმა, რომელზეც მსჯელობა მიდის, ჩვენს ქვეყანას უკვე უზარმაზარი ზიანი მიაყენა. ამან საზოგადოებაში პროტესტი გამოიწვია. ჩვენ, ყველამ ვნახეთ ჩვენი ახალგაზრდების დამოკიდებულება და ამავე დროს, ვნახეთ რეაქციები მთელ მსოფლიოში. საქართველოს დემოკრატიულობის იმიჯი დასრულებულია, თუკი ეს კანონი იმპლემენტირებული იქნება. შესაბამისად, ყველაზე მძიმე, რაც მოხდა, ეს იყო ჩვენი დასავლური, ევროპული კურსის შეჩერება. ეს ყველაფერი დამოკიდებულია იმაზე, რომ იმ ადამიანებს, ვინც ამ საკითხებს ისმენენ და გადაწყვეტილებებს იღებენ, მე მგონი, თავიანთი პასუხისმგებლობა გაცნობიერებული აქვთ. ამ კანონზეა დამოკიდებული, ეს ქვეყანა როგორ განვითარდება”, – განაცხადა გიგი წერეთელმა.
“უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონის გაუქმებასთან დაკავშირებით განხილვა საკონსტიტუციო სასამართლოში გრძელდება. დღევანდელ პროცესს იუსტიციის სამინისტროს წარმომადგენლებიც ესწრებიან.