დამიჯერეთ, “ქართული ოცნების” პროპაგანდისტებო, რაც უფრო ვუახლოვდებით არჩევნებს, მით უფრო ცხადი ხდება, რომ არავის აღარ სჯერა “ოცნების” ფარისევლობის, რომ ევროპას ირჩევს “ოცნება”, – ამის შესახებ “ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის” წევრმა გიგი უგულავამ განაცხადა.
მისივე თქმით, “ქართულ ოცნებას” ქალაქებში პირწმინდად აქვს წაგებული და მიმართულია სოფლის ასაკოვან ადამიანებზე.
“ქალაქებში პირწმინდად წაგებული აქვს “ქართულ ოცნებას” და ძირითადად, ის მიმართულია სოფლის ასაკოვან ადამიანებზე. იქ ვითარება მონოპოლიზებული აქვს სოფლის გამგებელს, სუსის წარმომადგენელს, უფრო მეტად მუშაობს სახელისუფლებო პროპაგანდა.
სურათი არის შემდეგნაირი – ადამიანებს მასიურად აქვთ განცდა, რომ თუ “ქართული ოცნება” დარჩება ხელისუფლებაში, ქვეყანა ორმოდან შეიძლება, ვეღარ ამოვიდეს.
დამიჯერეთ, “ქართული ოცნების” პროპაგანდისტებო, რაც უფრო ვუახლოვდებით არჩევნებს, მით უფრო ცხადი ხდება, რომ არავის აღარ სჯერა “ოცნების” ფარისევლობის, რომ ევროპას ირჩევს “ოცნება”. ევროპარლამენტარები გვეუბნებიან, რომ “ქართულ ოცნებასთან” ერთად ევროკავშირისკენ გზა გაქვთ ჩახერგილი და ბოქლომდადებული. ამიტომ, ძალიან კარგად ხედავენ ადამიანები, რომ თუ “ქართული ოცნება” დარჩება, უვიზო მიმოსვლასაც კი დავკარგავთ ევროპასთან და თუ “ოცნებას” მოვიშორებთ, მაქსიმუმ, 3-4 წელიწადში საქართველო გახდება ევროკავშირის სრულფასოვანი წევრი”, – განაცხადა გიგი უგულავამ.