გადაიყვანეთ მიხეილ სააკაშვილი სამოქალაქო საავადმყოფოში და მხარდამჭერების მხრიდან არანაირი შეფერხება არ გექნებათ, – ამის შესახებ ოპოზიციის ერთ-ერთმა ლიდერმა გიგი უგულავამ განაცხადა.
მისი თქმით, საქმე ადამიანის სიცოცხლეს ეხება და ამ დროს უმნიშვნელოა სხვა ყველა საკითხი. უგულავა მთავრობას მიმართავს, რომ მიხეილ სააკაშვილის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანის შემთხვევაში, დესტაბილიზაციის საფრთხე, რომელზეც პრემიერი ღარიბაშვილი საუბრობდა, არ არსებობს.
“გლდანის ციხეში გადაყვანა, ეს არის სადისტური სიმბოლიზმი, რომელიც მხოლოდ შეიძლება მხოლოდ ივანიშვილისთვის იყოს დამახასიათებელი. მე ვმჯდარვარ იმ ციხეში და ვიცი, რასაც უმზადებენ, კორიდორში უნდა გაატარონ და გუგუნი მოაწყონ… ამიტომ არის შეუძლებელი გლდანის ციხის საავადმყოფოში გადაყვანა.
მეორე საკითხი – ღარიბაშვილმა თქვა, ჩვენ ვერ ვუზრუნველყოფთ უსაფრთოებას, თუ სამოქალაქო საავადმყოფოში გადავიყვანთო. ჩვენ ყველა პოლიტიკური ლიდერი, ყველა აბსოლუტურად, ისევე როგორც სამოქალაქო ლიდერები, ჩვენ შეგვიძლია, საჯარო განცხადება გავაკეთოთ – გადაიყვანეთ და ხალხის მხრიდან, მხარდამჭერების მხრიდან არანაირი შეფერხება თქვენ არ გექნებათ, პირიქით, უზრუნველყოფილი იქნება წესრიგი პოლიციასთან ერთად”, – განაცხადა უგულავამ.
თუმცა, მისივე თქმით, მას ამის იმედი არ აქვს.
“საქმე იმაშია და ეს აზრი თანდათან უფრო მიმტკიცდება, ბიძინა ივანიშვილს მართლა უნდა პოლიტიკიდან გასვლა, მაგრამ სანამ სააკაშვილი ცოცხალია, ამას ვერ გააკეთებს. ამიტომ არის დღეს ივანიშვილი და ღარიბაშვილი ყველაზე სახიფათო, პრაგმატულად უნდათ ამ ადამიანის სიკვდილი”, – განაცხადა უგულავამ “ტვ პირველის” ეთერში.