იცოდეს ყველა პოლიციელმა, ვინც მშვიდობიანი მოქალაქის წინააღმდეგ აღმართავს ხელს, ის ხელი დაუბრუნდება მას ერთი ასად, – ამის შესახებ ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა გიგი უგულავამ მიხეილ სააკაშვილის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანის მოთხოვნით მიმდინარე საპროტესტო მსვლელობისას განაცხადა.
მისი თქმით, პოლიცია ნაცვლად იმისა, რომ მოქალაქეებისათვის დისკომფორტის ასაცილებლად ემოქმედა, მათ დაპირისპირებას უწყობს ხელს.
“კახეთიდან, იმერეთიდან, შიდა ქართლიდან ჩამოიყვანეს პოლიციელები, დაარბენინებენ, დისლოკაცია ხდება. სამარცხვინოა ეს ყველაფერი, იმიტომ რომ ის, რაც აქ ხდება, ეს არის ჩვენი კონსტიტუციური უფლება და თქვენი მხრიდან – ძალადობა. შიშველი ძალადობა და უკვე მკვლელი ხელისუფლების მორჩილება და მკვლელი ხელისუფლების დატოვება ხელისუფლებაში, რაც არის სახელმწიფოსთვის საშიში.
ნორმალური პოლიცია დღეს დილიდან გამოაცხადებდა ალტერნატიულ მარშრუტებს იმისთვის, რომ მოქალაქეებისთვის ბუნებრივი დისკომფორტი შეემცირებინათ, მაგრამ თქვენ გააკეთეთ ყველაფერი იმისათვის, რომ დემონსტრანტები და მოქალაქეები ერთმანეთში არეულიყვნენ, მაგრამ ასევე დავინახეთ ერთი მთავარი რაღაც – ხალხს არ ქონდა აგრესია, რადგან ყველა მოითხოვს ერთს – გადაიყვანეთ პრეზიდენტი საავადმყოფოში.
გადარჩინეთ ადამიანების სიცოცხლე, სანამ გამწარებული ხალხი არ მოგადგებათ ოფისებში, ვერანაირი პოლიცია ვერ დაგიცავთ. იცოდეს ყველა პოლიციელმა, ვინც მშვიდობიანი მოქალაქის წინააღმდეგ აღმართავს ხელს, ის ხელი დაუბრუნდება მას ერთი ასად”, – განაცხადა გიგი უგულავამ.