ამ ეტაპისთვის გარკვეული ტიპის პროტესტი არის, თუმცა არ არის ისეთი, რომ მნიშვნელოვან გავლენას ახდენდეს ბიზნესმდგრადობაზე, მაგრამ რა თქმა უნდა, გარკვეული ტიპის დაკვირვების საგანი მაინც არის ინვესტორებისთვის, – ამის შესახებ Front News-ს “ბიზნეს ინსაიდერ ჯორჯიას“ დამფუძნებელმა გიორგი აბაშიშვილმა განუცხადა.
მისივე თქმით, ბიზნეს სჭირდება სტაბილური პროგნოზირებადი გარემო, რომელიც ამ ეტაპზე მისი აზრით, ქვეყანას შენარჩუნებული აქვს.
“ყველა პარამეტრებით, მათ შორის საერთაშორისო რეიტინგებით, ქვეყანას აქვს სტაბილური მაკროეკონომიკური პოლიტიკა, ისევე, როგორც მონეტარული. თუმცა პოლიტიკური დაძაბულობა ყოველთვის გარკვეულ ტიპის გავლენას ახდენს. საქართველოს ეკონომიკა საკმაოდ მდგრადია, ასე რომ, ჯამურად რაიმე ფორმით საფუძვლიანი რყევის ნიშნები არ არის და ამ ეტაპისთვის შეუძლებელია, რომ იყოს, თუმცა ცხადია, ნებისმიერ შემთხვევაში მსგავსი ტიპის დაძაბულობა გარკვეული ტიპის გავლენას ახდენს ქვეყნის ეკონომიკაზე, მათ შორის ინვესტორებზე, როგორც ქვეყნის შიგნით, ისე ქვეყნის გარეთ. ისინი უფრო მეტად არიან დაკვირვების რეჟიმში, თუმცა ამ ეტაპზე რაც ჩანს აქციების მიუხედავად სახელმწიფო ინსტიტუტები მუშაობენ სტაბილურად და ახორციელებენ ახალი ტიპის რეფორმებს. ანუ შეგრძნებაა, რომ ეკონომიკური პროცესები არ არის გაჩერებული, თუმცა ცხადია, გარკვეული საკითხები არის შენელებული.
ასე რომ, ყველაფერი დამოკიდებულია თუ რამდენს ხანს გაგრძელდება ეს დაძაბულობა. ამ ეტაპისთვის გარკვეული ტიპის პროტესტი არის, თუმცა ეს არ არის ისეთი, რომ მნიშვნელოვან გავლენას ახდენდეს ბიზნესმდგრადობაზე, თუმცა გარკვეული ტიპის დაკვირვების საგანი არის ინვესტორებისთვის“, – განაცხადა აბაშიშვილმა.