დღეს იწყება ივანიშვილის პირადი პროცესი. ეს არის პროცესი, რომელშიც ივანიშვილი პირდაპირ არის მომჩივანი, პროკურორიც და მოსამართლეც, – ამის შესახებ თანაინვესტირების ფონდის ყოფილმა ხელმძღვანელმა გიორგი ბაჩიაშვილმა განაცხადა.
მისივე თქმით, ბოლო 2 წლის განმავლობაში, პროკურატურამ ვერ წარმოადგინა ვერცერთი მტკიცებულება, რომელსაც ივანიშვილი ტირაჟირებს.
“დღეს იწყება ივანიშვილის პირადი პროცესი. ეს არის პროცესი, რომელშიც ივანიშვილი პირდაპირ არის მომჩივანი, პროკურორიც და მოსამართლეც. ალბათ, უნიკალური პროცესია, რომელშიც თავად მომჩივანიც არის დასანქცირებული დემოკრატიის უკუქცევისთვის ქვეყანაში, მთავარი პროკურორია დასანქცირებული ადამიანის უფლებების დარღვევისთვის, სასამართლოს ხელმძღვანელი პირები არიან დასანქცირებულები კორუფციისთვის. აპოთეოზია, თუ როგორ არ უნდა მოქმედებდეს სამართლებრივი სასამართლო.
ბოლო 2 წლის განმავლობაში, პროკურატურამ ვერ წარმოადგინა ვერცერთი მტკიცებულება, არცერთი პირდაპირი მტკიცებულება არ არსებობს, რომელიც რაიმენაირად ამტკიცებს, ან ამყარებს იმ ფაბრიკაციას და ტყუილებს, რომელსაც ივანიშვილი ტირაჟირებს. რომ არა ივანიშვილის პოლიტიკური სრული ძალაუფლება და პოლიტიკური გავლენა პროკურატურასა და სასამართლოზე, ეს საქმე განხილვაშიც კი არ იქნებოდა”, – განაცხადა გიორგი ბაჩიაშვილმა.
თბილისის საქალაქო სასამართლოში თანაინვესტირების ფონდის ყოფილი ხელმძღვანელის გიორგი ბაჩიაშვილის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს. დღევანდელ სხდომაზე მხარეები შესავალ სიტყვებს წარმოთქვამენ.
გიორგი ბაჩიაშვილს “ქართული ოცნების” დამფუძნებლის ბიძინა ივანიშვილის კრიპტოვალუტის მითვისებას ედავებიან.