გრძელდება ივანიშვილის გასაოცარი დემოკრატია, დღეს მორიგი სერია გვექნება, – ამის შესახებ თანაინვესტირების ფონდის ყოფილმა ხელმძღვანელმა გიორგი ბაჩიაშვილმა საკუთარ სასამართლო პროცესთან დაკავშირებით განაცხადა.
მისივე თქმით, დღევანდელ პროცესზე ივანიშვილის თანამშრომლები იმის მტკიცებას დაიწყებენ, რომ ბანკი ბანკი არ არის.
“გრძელდება ივანიშვილის გასაოცარი დემოკრატია, სადაც პოლიცია ძალადობს ხალხზე, პროკურატურა ძალადობს კანონებზე და სასამართლო ძალადობს სამართალზე. დღეს მორიგი სერია გვექნება, ალბათ, ისევ ივანიშვილის რომელიმე თანამშრომლები უკვე სხვა მხრიდან დაგვიწყებენ იმის მტკიცებას, რომ ბანკი ბანკი არ არის და თურმე, ყველაფერი, კანონიც და სამართალიც ივანიშვილის სიტყვაზე უნდა იყოს დამოკიდებული”, – განაცხადა გიორგი ბაჩიაშვილმა.
თბილისის საქალაქო სასამართლოში თანაინვესტირების ფონდის ყოფილი ხელმძღვანელის გიორგი ბაჩიაშვილის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს. დღევანდელ სხდომაზე სახელმწიფო ბრალდებას ერთი მოწმე გიორგი კიკვიძე ჰყავს წარმოდგენილი. პარალელურად, დასაკითხ სიაში არიან ნათია თურნავა, გივი ლებანიძე და ნიკოლოზ გაგუა. გიორგი ბაჩიაშვილს ბიძინა ივანიშვილის კრიპტოვალუტის მითვისებას ედავებიან.