როდესაც დადგება ევროპის ადამიანის უფლებათა დაცვის სასამართლოს ვერდიქტი, თუ მე მანდ გავმტყუნდი, პირობას ვდებ, მე ამ ფულს, ყველაფერს გადავიხდი, ოღონდ არა ივანიშვილთან, – ამის შესახებ თანაინვესტირების ფონდის ყოფილმა ხელმძღვანელმა გიორგი ბაჩიაშვილმა განაცხადა.
მან ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებზეც ისაუბრა და განაცხადა, რომ ყველა საქმის უკან ერთი კაცი – ბიძინა ივანიშვილი დგას.
“ჩვენი ქვეყანა ფართო რეგიონში ნამდვილად იყო ლიდერი დემოკრატიის, ევროინტეგრაციის და დასავლურ რელსებზე გადაყვანის გადაყვანაში. სამწუხაროდ, ჩვენს ვიწრო რეგიონშიც ჩამორჩენილი ქვეყანა გავხდით ამ მიმართულებით და ეს არის ივანიშვილის პოლიტიკა.
ნებისმიერი მოსამართლის, ნებისმიერი “ტიტუშკის”, ნებისმიერი, ვინც აბრუნებს საქართველოს დემოკრატიიდან საბჭოთა კავშირის მიმართულებით – ყველა არის ივანიშვილის სახე, ყველა ამ ადამიანის უკან დგას ბიძინა ივანიშვილი. მომჩივანიც, პროკურორიც და მოსამართლეც ყველა ერთი კაცია.
რაც შეეხება ჩემს სასამართლოს, მე საქართველოში სასამართლოს იმედი არ მაქვს. ეს არ არის ჩემი სასამართლო, ეს არის ივანიშვილის სასამართლო. მე ყველაფრისთვის მზად ვარ. იმ ფულს ჩემგან ვერ ამოიღებს უკანონო გზით. როდესაც დადგება ევროპის ადამიანის უფლებათა დაცვის სასამართლოს ვერდიქტი, თუ მე მანდ გავმტყუნდი, პირობას ვდებ, მე ამ ფულს, ყველაფერს გადავიხდი ოღონდ არა ივანიშვილთან, არამედ საქველმოქმედო ფონდებში”, – განაცხადა გიორგი ბაჩიაშვილმა.