ხელისუფლების ბერკეტებს დროებით ფლობს ივანიშვილის კრიმინალური და მოღალატური ბანდა, „გავრილოვების ბანდა“, რომელიც არ ერიდება მოსახლეობის კვლავ მოტყუებას, – ამის შესახებ ” ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის” პოლიტიკურმა მდივანმა გიორგი ბარამიძემ განაცხადა.
მისივე თქმით, ეს ხელისუფლება აშშ-სგან და ევროპისგან ფინანსური კუთხითაც დასანქცირდება.
“სამწუხარო ვითარება გვაქვს ქვეყანაში, როდესაც ხელისუფლების ბერკეტებს დროებით ფლობს ივანიშვილის კრიმინალური და მოღალატური ბანდა, „გავრილოვების ბანდა“, რომელიც არ ერიდება მოსახლეობის კვლავ მოტყუებას და ცდილობს, რომ უმძიმესი ვითარება, რაც არის ქვეყანაში, შეალამაზოს.
ნაცვლად, როგორც მოლდოვამ მიიღო, მილიარდების მიღებისა, საქართველო იღებს ძალიან სერიოზულ პრობლემას ევროკავშირში ჩვენი გაწევრიანების გაჩერების სახით და ამ მოღალატეთა ბანდის დასანქცირების სახით. ესენი არა მარტო სავიზო რეჟიმით დასანქცირდებიან როგორც აშშ-ის მხრიდან, ისე ევროკავშირის მხრიდან, არამედ იქნება სხვა სახის ფინანსური და სხვა ტიპის სანქციები, რადგანაც არ არსებობს, რომ აშშ-მა და ევროკავშირმა მოითმინოს ის ვითარება, რაც ხდება, როდესაც ეს რეჟიმი არბევს მშვიდობიან მოქალაქეებს, აწამებს ახალგაზრდებს, აპატიმრებს პოლიტიკურ ოპოზიციას, არბევს ჩვენს ოფისებს.
გუშინ „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის“ ოფისი ააფეთქეს გორში და ეს ყველაფერი მოწმობს იმას, რომ ეს რეჟიმი არ აპირებს თავისით გაჩერებას, მაგრამ საბედნიეროდ, არც ქართველი ხალხი აპირებს გაჩერებას, დაღლას და არც ჩვენი მეგობრები აპირებენ საქართველოს მხარდაჭერის შეჩერებას. საქართველოს და ქართველი ხალხის მხარდაჭერა გაგრძელდება, ისევე როგორც ქართველი ხალხის ბრძოლა. ჩვენ ყველანი ერთად ვიბრძოლებთ ამ მოღალატური რეჟიმის წინააღმდეგ და აუცილებლად მივაღწევთ მათ ხელისუფლების ბერკეტებიდან ჩამოცილებას და ჩვენი მეგობრების დახმარებით, თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ჩატარებას“, – განაცხადა გიორგი ბარამიძემ.