საქართველოს ხელისუფლებამ უნდა თქვას ის, რაც სჭირდება პუტინს, რადგანაც ის თავიდან ბოლომდე შეეცადა, გადაწეროს არა მარტო საქართველოს ისტორია, არამედ შეცვალოს ჰააგისა და სტრასბურგის გადაწყვეტილება, – ამის შესახებ “ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკურმა მდივანმა გიორგი ბარამიძემ განაცხადა.
მისივე თქმით, ივანიშვილს უნდა, რომ შეცვალოს ისეთი გადაწყვეტილებები, როგორიცაა ის, რომ რუსეთი აგრესორი, ომის დამწყები და ოკუპანტია.
“საქართველოს ხელისუფლებამ უნდა თქვას ის, რაც სჭირდება პუტინს, რადგანაც ის თავიდან ბოლომდე შეეცადა, გადაწეროს არა მარტო საქართველოს ისტორია, არამედ შეცვალოს ის გადაწყვეტილება, რამდენადაც ის შესაძლებელი იქნება მისთვის, რომელიც მიიღო ჰააგისა და სტრასბურგის სასამართლომ რუსეთ-საქართველოს ომთან დაკავშირებით. ივანიშვილს უნდა, შეცვალოს გადაწყვეტილება, რომ საქართველო 100%-ით გამართლდა და დადგინდა, რომ რუსეთია აგრესორი და არა საქართველო ომის დამწყები, სადაც დადგინდა, რომ რუსეთი არის ოკუპანტი და მან განახორციელა ეთნიკური წმენდა”, – განაცხადა გიორგი ბარამიძემ.
“ქართული ოცნების” საპატიო თავმჯდომარემ ბიძინა ივანიშვილმა აგვისტოს ომის გამო ბოდიშის მოხდის შესახებ გორში ისაუბრა. “26 ოქტომბრის არჩევნების დასრულებისთანავე, აუცილებლად გამოვძებნით საკუთარ თავში ძალას, რათა ბოდიში მოვიხადოთ იმის გამო, რომ დავალების შესაბამისად, მოღალატე “ნაციონალურმა მოძრაობამ” 2008 წელს ცეცხლის ალში გახვია ჩვენი ოსი დები და ძმები”, – განაცხადა ივანიშვილმა.