ოპოზიციის მიზანი არ არის ხელი შეუშალოს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესს, მაგრამ ხელისუფლებამ საკუთარ არჩეულ პრეზიდენტსაც შეუშალა ხელი ამ პროცესში, – ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატმა გიორგი ბოტკოველმა განაცხადა.
მისი თქმით, სამარცხვინო იყო „ქართული ოცნების“ დეპუტატის რეაქცია დარბაზში პრეზიდენტის უკრაინის წარმომადგენელთან ერთად შესვლისას.
“სამარცხვინო იყო, რაც ჩვენ პრეზიდენტის დარბაზში შემოსვლისას ვნახეთ, როდესაც პრეზიდენტი შემოდიოდა დარბაზში უკრაინის საელჩოს წარმომადგენელთან ერთად. ფაქტობრივად, მამუკა მდინარაძემ შეურაცხყოფა მიაყენა როგორც პრეზიდენტის ინტიტუტს, ასევე ქვეყნის ავტორიტეტს. აქვე ვნახეთ გასაოცარი რამ, როდესაც პრეზიდენტს მთავრობამ პირდაპირ უთხრა, რომ არ ჭირდება მისი როლი, მისი როლი არ არის მნიშვნელოვანი, რომ ქვეყანამ ევროინტეგრაციისკენ სწორად იაროს. და გასაოცარი რამ, როდესაც მან პირადი კონტაქტებით შეძლო წასვლა ევროსტრუქტურებში, დაიწყო მილაპარაკებები იმისთვის, რომ დახმარებოდა პროცესს. ოპოზიციის მიზანი არ არის ხელი შეუშალოს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესს, ჩვენ მზაობა გამოვთქვით თავიდანვე, რომ ჩართული ვყოფილიყავით ყველა პროცესში და ქიშპობას არავინ აპირებდა, მაგრამ საკუთარ არჩეულ პრეზიდენტსაც შეუშალეს ხელი ამ პროცესში… ეს არის გამიზნული ქმედება ხელისუფლების მხრიდან, რაც ძალიან სამწუხაროა ქვეყნისთვის“, – განაცხადა ბოტკოველმა.
მისივე თქმით, პრეზიდენტს, რომელიც ქვეყნის თანხმობაზე საუბრობს, შეუძლია ამ თანხმობის მიღწევა მესამე პრეზიდენტის პატიმრობიდან გათავისუფლებით.
“როდესაც საუბრობ თანხმობაზე და გამოსვლაში ამ სიტყვას – „თანხმობა“ არაერთხელ ახსენებ, ხარ პრეზიდენტი, რომელსაც განსაკუთრებული ბერკეტი გაგაჩნია ამ ყველაფრისა, რომ შედგეს პოლიტიკური თანხმობა ამ ქვეყანაში. ამისათვის ერთ-ერთ მთავარ საფუძვლად მიმაჩნია ქვეყნის მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის პატიმრობიდან გათავისუფლება. მისი ციხეში ყოფნა არის ქვეყნის სირცხვილი, ეს არ არის ქვეყნის მიმართ განხორციელებული ქმედება ხელისუფლების მხრიდან, რომელსაც ჰყავს დღეს პოლიტიკური პატიმარი“, – განაცხადა გიორგი ბოტკოველმა.