კი, ჩვენ თქვენგან განსხვავებით დავდივართ გარდაცვლილ ადამიანებთან. ზეგ მივალთ ედიშერ კვარაცხელიას სამძიმარზე, რომელიც რამდენიმე დღის წინ ჩამოასვენეს უკრაინიდან, კიდევ ერთი ქართველი გმირი, რომელმაც თავი გაწირა სწორედ საქართველოსთვის, – ამის შესახებ “ნაციონალური მოძრაობის” დეპუტატმა გიორგი ბოტკოველმა “ქართული ოცნების” წარმომადგენლების ბრალდების პასუხად განაცხადა, რომლებმაც ოპოზიციის წევრები ტრაგედიებზე ნადირობაში დაადანაშაულეს.
ბოტკოველის თქმით, ისინი არ ნადირობენ ტრაგედიებზე, არამედ მმართველი პარტიისგან განსხვავებით პატივს მიაგებენ გმირების ხსოვნას.
“ნამდვილად ტრაგედიაა და მე მინდა მივუსამძიმრო მარიტას ოჯახს. არავინ ნადირობს ტრაგედიაზე, მაგრამ იმის პასუხად, რა განცხადებებიც კეთდებოდა ამ ხნის განმავლობაში უმრავლესობის მხრიდან, თითქოს ვინმე ოპოზიციონერის განცხადება პოლიტიკური ქულების დაწერას ემსახურებოდა. გაგახსენებთ თქვენს ნადირობას ნამდვილად. გახსოვთ, ბარბარე რაფალიანცის საქმე? გახსოვთ, რა ხდებოდა იმ დღეებში, გახსოვთ რა განცხადებებს აკეთებდნენ თქვენი ლიდერები? ბევრს შეიძლება არ გახსოვთ, იმიტომ რომ “ქართული ოცნების“ წევრები მაშინ არ იყავით, და ბევრი თქვენთაგანი შეიძლება მაშინ ხუთიანს ხაზავდით, მაგრამ მე შეგახსენებთ, როგორ იდგნენ თითოეულ საარჩევნო უბანთან “ქართული ოცნების” წარმომადგენლები და როგორ ეუბნებოდნენ – “ესენი ბავშვების მკვლელები არიან და არ შემოხაზოთ ხუთიანი“. აი, ეს იყო თქვენი ქმედებები მაშინ. და რა ხდება დღეს ბარბარე რაფალიანცის საქმეზე, გამოძიებული არის? 10 წელია, ხელისუფლებაში ხართ, გამოძიებამ რამე შედეგი დადო? კი, ჩვენ თქვენგან განსხვავებით დავდივართ გარდაცვლილ ადამიანებთან. მივალთ მაგალითად, ზეგ ედიშერ კვარაცხელიას სამძიმარზე, რომელიც რამდენიმე დღის წინ ჩამოასვენეს უკრაინიდან კიდევ ერთი ქართველი გმირი, რომელმაც თავი გაწირა სწორედ საქართველოსთვის. თქვენ რას აკეთებთ ამ პერიოდის განმავლობაში? რას აკეთებს ხელისუფლება? ჩვენი შემოტანილი ინიციატივა, რომ თითოეული ეს ადამიანი გათანაბრებულიყო იმ გმირებთან, რომლებმაც თავი შესწირეს საქართველოს ერთიანობას, სამშვიდობო მისიას, რომ იგივე სახელმწიფო მხარდაჭერა ჰქონოდათ მათ ოჯახებს. მაგრამ არა, თქვენ ეს კანონი თაროზე შემოდეთ და არც კი შემოიტანეთ პარლამენტში“, – განაცხადა გიორგი ბოტკოველმა.