მიხეილ სააკაშვილის მიმართ არაადამიანური მოპყრობა კვლავ გრძელდება, -ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატმა გიორგი ბოტკოველმა რუსთვის ციხეში მესამე პრეზიდენტის მონახულების შემდეგ განაცხადა.
მისივე თქმით, მესამე პრეზიდენტის გზავნილებს თანაპარტიელების მიმართ პარტიის პოლიტსაბჭოზე გააჟღერებს.
“მიხეილ სააკაშვილის მიმართ კვლავ გრძელდება არაადამიანური მოპყრობა. ეს ბევრი რამით გამოიხატება, როგორც მნახველთა რაოდენობის შემცირებით, ექიმების არშეშვებით, თვითონ იქ არსებული სიტუაციით, რომელზეც ხშირად საუბრობენ ადვოკატები.
ფაქტობრივად, არ გვეძლევა ახლო კონტაქტის საშუალება, რისი კანონით განსაზღვრული უფლებაც გვაქვს, მაგრამ ეს ყველაფერი აქვთ შეზღუდული. მიუხედავად ამ ყველაფერისა, მიხეილ სააკაშვილი არცერთ დღეს არ ტოვებს ისე, რომ არ ფიქრობდეს და მუშაობდეს ამ ქვეყნის განვითარებაზე.
ასევე ბევრი გზავნილი აქვს მას კონკრეტულად მისი თანამებრძოლების მიმართ, ამ ყველაფერზე პარტიის პოლიტსაბჭოზე ვისაუბრებთ. პარტიის დამაარსებლის ყოველი განცხადება „ნაციონალური მოძრაობის“ მიმართ, იქნება გასათვალისწინებელი და მნიშვნელოვანი”, – განაცხადა ბოტკოველმა.