მოვუწოდებ პენიტენციურ დაწესებულებას, ყოველ მიზეზგარეშე უზრუნველყონ ჩემი სასამართლო პროცესზე დასწრება დარბაზში, ეს იქნება ეტლით, საკაცით თუ ნებისმიერი სხვა საშუალებით, – ამის შესახებ პატიმრობაში მყოფი ბიზნესმენი გიორგი ჩიკვაიძე წერს.
“დიდი მადლობა მინდა ვუთხრა ყველას, ვინც გამომიცხადა სოლიდარობა, მე და ჩემს ოჯახს. თქვენ ვერ წარმოიდგენთ, რამხელა ძალა აქვს თითოეულ თქვენს სიტყვას და განცხადებას, რომელსაც ვისმენ.
ხვალ გაიმართება მორიგი უსამართლობის საცირკო წარმოდგენა, იგივე “სასამართლო”. მოვუწოდებ პენიტენციურ დაწესებულებას, ყოველ მიზეზგარეშე უზრუნველყონ ჩემი სასამართლო პროცესზე დასწრება დარბაზში, ეს იქნება ეტლით, საკაცით თუ ნებისმიერი სხვა საშუალებით.
რაც შეეხება ჩემს მდგომარეობას, მეცამეტე დღეა, ვარ სრულ შიმშილზე. მდგომარეობას მირთულებს ის, რაც მოხდა 13 მარტის საბედისწერო ღამეს, რისი ნაწილიც მახსოვს, ხოლო ბოლო ეპიზოდი აღარ. ამაზე დღეს მეტ დეტალს ვერ ვიტყვი. შედეგი არის ის, რომ მარცხენა ფეხში გრძნობა დაკარგული მაქვს და ვერ გადავადგილდები. მარცხენა თვალში დაკარგული მაქვს მხედველობის უნარი, რაც ყოველდღე უარესდება.
მიუხედავად ყველაფრისა, ჩემს ოჯახს, მეგობრებს, ნაცნობებს, უფლებადამცველებს, მინდა მოვუწოდო, რომ ბრძოლა გრძელდება გამარჯვებამდე!
რამდენადაც ფიზიკურად ვარ ამ მდგომარეობაში, იმდენად მყარად ვარ შინაგანად.
დღეს მე აქედან რაც შემიძლია, ის არის ყველაზე ძვირფასი ჩემი ჯანმრთელობა და სიცოცხლე გავიღო, ეს არის ღირსების საკითხი და არა თვითმკვლელობა.
გაუფრთხილდით თავისუფალ მედიას და ჟურნალისტებს, ეს ადამიანები გმირები არიან”, – წერს ჩიკვაიძე.