პარტია „საქართველოსთვის“ თავმჯდომარემ გიორგი გახარიამ ჟურნალისტების კითხვას უპასუხა ადიგენიში პარტიის პარტიული სიის ერთ-ერთი წევრის მიერ ფეისბუქში განთავსებულ განცხადებაზე, რომ ის “ქართული ოცნების” მხარდამჭერია.
გახარიამ აღნიშნა, რომ პარტიის სიის წევრებზე მთელი ქვეყნის მასშტაბით მიმდინარეობს ზეწოლა, რომ სია დატოვონ და ასეთი ზეწოლის მიზანია, რომ სიაში რაოდენობის შემცირების შემთხვევაში სიის არჩევნებიდან მოხსნა მოხდეს.
“მე როგორც ვიცი, ეს ადამიანი იყო რიგითი წევრი, რომელიც თავისი სურვილით მოვიდა, თავისი სურვილით გაწევრიანდა. შემდგომ, მასზე მოხდა ზეწოლა სამართალდამცავი სისტემის და სტრუქტურების მიერ და დააწერინეს ის რაც დაწერა. ასეთი შემთხვევები ბევრი ხდება – აი მაგალითად, მე შემიძლია გითხრათ, პარალელურად, ყოველდღიურად, სტატისტიკურად – შეგიძლიათ აიღოთ ჩვენი პარტიის „საქართველოსთვის“ სიები – საკრებულოში კანდიდატების სიები – ამ ადამიანებზე პირდაპირ ხდება ზეწოლა, იმისთვის, რომ მათ უარი განაცხადონ სხვადასხვა მიზეზებით, შემდგომ ამის მიზანი გახლავთ, რომ რაოდენობა სიის თუ შემცირდა – მერე სია იხსნება არჩევნებიდან“, – განაცხადა გახარიამ.