კალაძეს უთქვამს, რომ ვერ გავიგე, რატომ მოვიდაო, ეს მაძლევს იმის თქმის საშუალებას, რომ მართლაც ტყუილად მივედი, – ამის შესახებ ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა, პარტია “საქართველოსათვის” თბილისის მერობის კანდიდატმა გიორგი გახარიამ “ტვ პირველის” გადაცემაში “პოლიტიკის ამბები” კალაძესთან მისი ვიზიტის კომენტირებისას განაცხადა.
გახარია აღნიშნავს, მისთვის პრინციპის საკითხია და სურდა ქართულ პოლიტიკაში ახალი სტანდარტი დაემკვიდრებინა.
“ჩემთვის ეს იყო პატივისცემა იმ წლების თანამშრომლობის, რაც გვაკავშირებდა”, – აღნიშნა გახარიამ.
კითხვაზე, იგივე ანგარიშვალდებულება აკავშირებს თუ არა ბიძინა ივანიშვილთან, გახარიამ აღნიშნა, ამ ანგარიშვალდებულობის გამო ბიძინა ივანიშვილს პოსტიდან გადადგომის წინ დაურეკა, თუმცა ამჯერად მასთან კომუნიკაცია არ ჰქონია.