მოვუწოდებ ყველას, სისხლის ფასად მიღებულ უმთავრეს მონაპოვარს – სამშობლოს დამოუკიდებლობასა და თავისუფლებას, ნუ გადავაყოლებთ ძალაუფლებისთვის ბრძოლას. გავუფრთხილდეთ 31 მარტის მონაპოვარს და ერთად დავდგეთ ამ მონაპოვრის დასაცავად,- ამის შესახებ “გახარია საქართველოსთვის” ლიდერი გიორგი გახარია წერს.
მისივე თქმით, 31 მარტი რადიკალიზაციის დაძლევის, ჩვენი ერთიანობის სიმბოლოცაა.
“დღეს 31 მარტია. ზუსტად 34 წლის წინ ქართველმა ხალხმა გადაწყვიტა სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენა.
ეს დღე ყველაზე მნიშვნელოვანი თარიღია ჩვენი ქვეყნის უახლეს ისტორიაში. 31 მარტი რადიკალიზაციის დაძლევის, ჩვენი ერთიანობის სიმბოლოცაა.
წესით, დღეს ყველანი ერთად უნდა ვზეიმობდეთ – განურჩევლად პოლიტიკური შეხედულებისა. ეს ჩვენი წინაპრების ანდერძია. თუმცა, სამწუხაროდ, მტერმა მაინც შეძლო, გაგვხლიჩა და დაგვაპირისპირა ერთმანეთს.
მოვუწოდებ ყველას, სისხლის ფასად მიღებულ უმთავრეს მონაპოვარს – სამშობლოს დამოუკიდებლობასა და თავისუფლებას, ნუ გადავაყოლებთ ძალაუფლებისთვის ბრძოლას. გავუფრთხილდეთ 31 მარტის მონაპოვარს და ერთად დავდგეთ ამ მონაპოვრის დასაცავად.
გილოცავთ 31 მარტს!”, – წერს გიორგი გახარია.
1991 წლის 31 მარტს, საქართველოს ეროვნულმა ხელისუფლებამ ზვიად გამსახურდიას ხელმძღვანელობით, ჩაატარა რეფერენდუმი — საერთო-სახალხო კენჭისყრა სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის საკითხზე. შეკითხვას, “ხართ თუ არა თანახმა, რომ აღდგეს საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობა 1918 წლის 26 მაისის აქტის საფუძველზე?” საქართველოს ხმის მიცემის უფლების მქონე მოსახლეობის 98,9%-მა დადებითი პასუხი გასცა.