ბოლო დროს “ქართული ოცნება” იმდენად უსუსურად გამოიყურება, რომ “ნაციონალური მოძრაობის” “ცხელ თავებში” შეიძლება, რევანშისტული იდეები კიდევ უფრო გაძლიერდეს. ამიტომ, “ოცნება” უნდა ჩამოვაშოროთ ხელისუფლებას ისე, რომ “ნაციონალური მოძრაობა” არ დაბრუნდეს, – ამის შესახებ პარტია “გახარია საქართველოსთვის” ლიდერმა გიორგი გახარიამ პრეზიდენტთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
გახარიას თქმით, მისი გუნდი აპირებს ყველასთან თანამშრომლობას, ვინც თანახმაა, რომ არც “ოცნება” და არც “ნაციონალური მოძრაობა” არ მოვიდეს ხელისუფლებაში.
” მე ძალიან კმაყოფილი ვარ ამ შეხვედრით. მოგეხსენებათ, რომ ჩვენს პოლიტიკურ ძალას აქვს ძალიან მკაფიო პოზიცია. ჩვენ ოქტომბრის არჩევნების საშუალებით ხელისუფლებას უნდა ჩამოვაშოროთ “ოცნება” ისე, რომ “ნაციონალური მოძრაობა” მთავრობაში ვერ დაბრუნდეს. ეს ჩვენთვის არის სტრატეგიული ხაზი და სტრატეგიული მიზანი. შესაბამისად, ჩვენ ამას გავაკეთებთ ყველასთან თანამშრომლობით, ვისი პოზიციაც ემთხვევა ჩვენსას, რომ “ოცნება” უნდა ჩამოშორდეს ხელისუფლებას ისე, რომ “ნაციონალური მოძრაობა” არ დაბრუნდეს.
ჩვენთვის მთავარი მიზანი არის, რომ ქვეყანა დავაბრუნოთ ევროპულ გზაზე. ამას დღეს აქვს ორი მთავარი წინაღობა – ავტორიტარული, ანტიდემოკრატიული “ოცნება” და რევანშისტული იდეები “ნაციონალური მოძრაობის”. ამიტომ ვამბობთ, ქვეყანაში, რომ იყოს სიმშვიდე, საქართველოს მოქალაქეებთან ერთად უნდა გავაკეთოთ ისეთი არჩევანი, რომ არცერთ ძალას არანაირი შესაძლებლობა არ ჰქონდეს იმისთვის, რომ ქვეყნის ერთპარტიულ მმართველობაზე იფიქროს.
ბოლო დროს “ქართული ოცნება” იმდენად უსუსურად გამოიყურება, რომ “ნაციონალური მოძრაობის” “ცხელ თავებში” შეიძლება, ეს რევანშისტული იდეები კიდევ უფრო გაძლიერდეს. ამიტომ, მე საქართველოს მოქალაქეებს მოვუწოდებ, რომ ჩვენ ვითანამშრომლებთ ყველასთან, ვისთვისაც “ნაციონალური მოძრაობის” რაიმე სახის რევანში არის კატეგორიულად მიუღებელი, ამაში პრეზიდენტიც გვეთანხმება და ამიტომ, ვფიქრობ, ტექნიკური მთავრობა არის გამოსავალი.
ევროპარლამენტარების პარალელურად, მე მახსოვს პრეზიდენტის დაპირება, რომ არცერთი სცენარის პირობებში ის არ შეიწყალებს მიხეილ სააკაშვილს. თავისუფალი მიშა სააკაშვილი ამ ქვეყანაში რადიკალიზაციის კიდევ ერთი წყარო და საფრთხეა.
ჩვენ დღეს სახელებზე და გვარებზე არ გვისაუბრია. ჩვენ ამ პროცესში ვრჩებით. “ოცნების” მხარდამჭერებო, შეხედეთ, რა ხდება და გაითვალისწინეთ, რომ ჩვენ ერთად მოგვიწევს ამ ქვეყნის დაცვა “ნაციონალური მოძრაობისგან”.
ახლა ჩემთვის, მნიშვნელოვანია, ქვეყანაში შეიქმნას გარემო, როდესაც “ოცნება” მარცხდება და ასევე, მარცხდება “ნაციონალური მოძრაობაც”, – განაცხადა გიორგი გახარიამ.