სიების გასაჯაროება, იმთავითვე შეგვიძლია ვთქვათ, რომ ეს არის მანიპულაციური საკითხი, – ამის შესახებ ცესკოს თავმჯდომარემ გიორგი კალანდარიშვილმა განაცხადა.
მისივე თქმით, ამ თემებზე პედალირება და ამ თემის იმდაგვარად წარმოჩენა, რომ თითქოს ინსტიტუციას ეს შეუძლია და ამას არ აკეთებს, რა თქმა უნდა, არის უსაფუძვლო, რადგან ამის არანაირი საკანონმდებლო შესაძლებლობა ცესკოს არ გააჩნია.
“სიების გასაჯაროება, იმთავითვე შეგვიძლია ვთქვათ, რომ ეს არის მანიპულაციური საკითხი, რადგან, დაინტერესებულმა მხარეებმა, ყველამ ძალიან კარგად იცის, რომ ეს არის კანონით გარანტირებული, უზრუნველყოფილი მისი დაცულობა, იმ პერსონალური ინფორმაციის, რომელიც ამომრჩევლის არჩევნებში მონაწილეობასთან მიმართებაში ინფორმაციას ადასტურებს და იმთავითვე, კონტროვერსული არის იმ შეფასებებთან მიმართებაში, რომ ჩვენ ერთის მხრივ ვითხოვთ ფარულობას და ამ დროს ვითხოვთ პერსონალური მონაცემების გასაჯაროებას და პერსონალური მონაცემების შესახებ საზოგადოების წვდომას, რა თქმა უნდა, ესეც შეუსაბამოა, რომ არაფერი ვთქვათ პერსონალური ინფორმაციის გასაჯაროების შეუძლებლობაზე და სხვა. შესაბამისად, ამ თემაზე პედალირება და ამ თემის ამდაგვარად წარმოჩენა, რომ თითქოს ინსტიტუციას ეს შეუძლია და ამას არ აკეთებს, რა თქმა უნდა, არის უსაფუძვლო, რადგან ამის არანაირი საკანონმდებლო შესაძლებლობა ჩვენ არ გაგვაჩნია.
ასევე გავრცელდა ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ საქართველოს პროკურატურა ჩვენ გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე, გვთხოვს ინფორმაციის დაცულობას და მის რეზერვირებას, იქიდან გამომდინარე, რომ გამოძიების ფარგლებში არ განხორციელდეს დალუქულ პაკეტებში არსებული ინფორმაციის გამჟღავნება, რაც არ გვაძლევს ჩვენ იმის შესაძლებლობას, რომ, თუნდაც ცალკე, ინდივიდუალურად მომართვის პირობებში, ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ განიხილოს აღნიშნული ინფორმაციაზე წვდომის შესაძლებლობა უზრუნველყოს კონკრეტული ინდივიდები მათი პერსონალური მომართვიანობის შემთხვევაში. ამიტომ ეს არის ის ორი მნიშვნელოვანი გარემოება, რომელიც ჩვენ არ გვაძლევს საკანონმდებლო დონეზე იმის შესაძლებლობას, რომ დამატებითი მონაცემთა ბაზები შევქმნათ“, – განაცხადა კალანდარიშვილმა.