spot_img
spot_imgspot_img
spot_img

გიორგი ხატიაშვილი – წარმოუდგენელია უკრაინის რომელიმე ხელისუფლებამ დე იურედ ყირიმი და 4 რეგიონი რუსეთის ნაწილად აღიაროს

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ამბობს, რომ ომში მყოფ ქვეყნებს შორის შეთანხმების ძირითადი ჩარჩო უკვე შემუშავებულია და ის ტერიტორიების განაწილებასაც მოიცავს. “მოლაპარაკებების პროცესში რთული იქნება ტერიტორიების საკითხის განხილვა” – ეს კი უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის პასუხია.

ომში მყოფი ქვეყნის NATO-ში გაწევრიანების შესახებ საუბრობს დონალდ ტრამპის წარმომადგენელი. სტივ უიტკოფი ამბობს, რომ უკრაინა ჩრდილოატლანტიკური ალიანსის წევრი ვერ გახდება, თუმცა უსაფრთხოების გარანტიებზე საუბარი შესაძლებელია.

რა პროცესშია მოლაპარაკებები ცეცხლის შეწყვეტის შესახებ, არსებობს თუ არა ალბათობა, რომ უკრაინას გარკვეულ დათმობებზე წასვლა აიძულონ და რეალურად სურს თუ არა პუტინს ცეცხლის შეწყვეტა? – ამ და სხვა საკითხებზე Front News-თან ინტერვიუში საერთაშორისო ურთიერთობათა სპეციალისტი და პოლიტიკის მეცნიერებათა დოქტორი გიორგი ხატიაშვილი საუბრობს.

– მიუხედავად იმისა, რომ პუტინთან მოლაპარაკებები შედგა და გარკვეული შეთანხმებაც დაიდო ენერგოობიექტებზე თავდაუსხმელობის, ამ დღეების მანძილზე რუსეთი საკუთარ პირობას არ ასრულებს და ის უკრაინის ენერგოობიექტების დაბომბვას აგრძელებს. რა ხდება, როგორ ფიქრობთ რა არის პუტინის მოქმედების მიზანი. ბევრს აქვს განცდა, რომ ის რეალურად დროს წელავს და ამ დროში ვაჭრობას აგრძელებს. როგორია თქვენი შთაბეჭდილება?

– ტრამპს კი უნდა რომ ცეცხლი მალე შეწყდეს, მაგრამ უკრაინა-რუსეთის ომში ეს შეუძლებელია. რაც შეეხება პუტინს და მის გეგმებს, რა თქმა უნდა, ის დროს წელავს. მისი არმია ფრონტის ხაზზე უტევს, ამიტომ ასე ხელ-ფეხი შეიკრას და ცეცხლი შეწყვიტოს, ეს საერთოდ არ აწყობს. ამიტომ ტრამპს უარს ვერ ეუბნება. სულ მადლობებს უხდის და ცდილობს თავი  მოაჩვენოს, რომ მის შეთავაზებებს თანხმდება, თუმცა მეორეს მხრივ ფრონტის ხაზზე აქტიურ საბრძოლო მოქმედებებს აგრძელებს. პუტინს არ უნდა ცალმხრივი და უცბად ცეცხლის შეწყვეტა, ხოლო თუ ამას იზამს, მაშინ ეს  საკუთარი პირობებით გააკეთოს. ამიტომაც ხდება ცეცხლის შეწყვეტის გაჭიანურება. ზოგადად ეს ისედაც ურთულესი პროცესია. თუმცა ის რაც მოხდა და მინიმუმ რაზეც შეთანხმდნენ ენერგოობიექტებზე თავდაუსხმელობა, ესეც წინ გადადგმული ნაბიჯია. ხდება თუ არა ჯერ ამის აღსრულება, ეს ცალკე საკითხია, მაგრამ ამ 3 წლის განმავლობაში პირველად რაღაცა ქმედითი ნაბიჯები იდგმება.

– დამკვირვებელთა თვალით ბევრს რჩება შთაბეჭდილება, რომ ბოლომდე პუტინმაც არ იცის და  არ არის ჩამოყალიბებული, ცეცხლი შეწყვიტოს თუ ომი გააგრძელოს. ის თითქოს დილემის წინაშეა, რადგან ერთის მხრივ ამხელა უზარმაზარი სამხედრო მრეწველობა შექმნა, სადაც ძალიან დიდი ფული აქვს ჩადებული და ბიზნესთან ვალდებულებები გააჩნია. მეორეს მხრივ რუსებიც ამ ომით დაიღალნენ. ფიქრობთ, რომ პუტინიც ჩიხშია და რეალურად არ იცის რა გადაწყვეტილება მიიღოს?

– პუტინი ფიქრობს ასეთ რამეს რომ თუ ახლა ომი არ დასრულდა, სტრატეგიული უპირატესობა მას ექნება. ის ხედავს რომ ახლა რა დახმარებაც დასავლეთიდან უკრაინას აქვს, იმის შენარჩუნებაც ძლივს უწევს. არც ტრამპი აპირებს 2 წლის განმავლობაში ამ ომისთვის უკრაინის დახმარების გაწევას. ამერიკაში ომის გაგრძელების არანაირი მზაობა არ ჩანს. ეს გამოჩნდება მას შემდეგ, თუკი პუტინი რეალურად არაფერს დასთანხმდება და ცეცხლს არ შეწყვეტს. რაზეა ამერიკა წამსვლელი და გააორმაგებს თუ არა ის ამ დახმარებას. კი ბატონო,  რუსეთს მეორეს მხრივ ძალიან ბევრი პრობლემა აქვს, მაგრამ ავად თუ კარგად ეს სამხედრო მანქანა ამოქოქა. ამიტომ ამის გაჩერებაც ძალიან რთული იქნება. ომის შეჩერების შემთხვევაში რუსეთში სხვა პრობლემები წამოვა წინა პლანზე. ომი მაინც იძლევა საშუალებას, რაღაცების ჩამოწერის და გადაწერის. მშვიდობის შემთხვევაში პრობლემა იქნება, ამხელა სამხედრო მანქანის ერთი ხელით მოსმით გაჩერება. რუსეთის შიგნით რა პრობლემები და დინებები დაიწყება, ეგ უკვე ცალკე საკითხია. ამიტომ ის ცდილობს რაღაცა იმაზე მეტი მიიღოს, ვიდრე ახლა აქვს, რასაც ქვეყნის შიგნით მოსახლეობაში კარგად გაყიდის. ჯერჯერობით პირი არ უჩანს ცეცხლის შეწყვეტას.

– ძალიან ხშირად ისმის ეს კითხვა რომ რაზე შეიძლება უკრაინას ცეცხლის შეწყვეტის სანაცვლოდ დათანხმება მოუწიოს. ბოლო დროს ამერიკელებიც  ამბობენ, რომ ყირიმის საკითხი დასრულებულია და უკრაინა ვეღარ დაუბრუნდება 2022 წლის და 2014 წლის სტატუს-კვოს. მაშინ რა გამოდის, უკრაინამ უარი უნდა თქვას ოკუპირებულ ტერიტორიებზე? იმ 4 რეგიონზე, რომელიც პუტინმა კონსტიტუციაში უკვე საკუთრებად გაიფორმა?

– აქ საუბარია იმაზე, რომ დე ფაქტო უკრაინას მოუწევს გაჩერება და პროცესის გაყინვა. კორეა ზუსტად ასე 70 წელია, გაყინული და სამშვიდობო ხელშეკრულება არ აქვთ დადებული. მაქსიმალური რაც ახლა ტრამპის ადმინისტრაციას შეუძლია, ეს არის, რომ ცეცხლი რაღაცა ხაზზე შეწყდეს და წარმოუდგენელია  უკრაინის რომელიმე ხელისუფლებამ დე იურედ ყირიმი და  4 რეგიონი რუსეთის შემადგენლობად აღიაროს. არის ასეთი ვარაუდებიც, რომ შესაძლოა, ამერიკამ ყირიმი რუსეთის შემადგენლობად აღიაროს. თუმცა ვერ წარმომიდგენია რომ ამერიკა ამაზე წავიდეს. ჯერჯერობით რაიმე დე იურედ ტერიტორიების აღიარებაზე საუბარი არ არის.

– მოლაპარაკებებში ევროპა თავის ადგილს ითხოვდა, რაც ამ ეტაპზე ჯერ კიდევ ვერ მიიღო. ცეცხლის შეწყვეტაზე საუბარი კვლავ ორ ქვეყანას აშშ და რუსეთს შორის მიდის. მუდმივად ასე იყო, რომ პუტინი ევროპელ ლიდერებს თავის ტოლად  და სწორად  არ მიიჩნევდა. როგორ ფიქრობთ,  საბოლოოდ გამოეთიშა ევროპა ამ მოლაპარაკებებს? 

– ამ ვითარებაში როგორც გამოჩნდა, გადამწყვეტი სიტყვა ამერიკას აქვს. კი ბატონო ევროპა უდიდეს ჰუმანიტარულ დახმარებას უწევს უკრაინას, ხოლო სამხედრო დახმარების უდიდესი ნაწილს ამერიკელები უწევენ. ამიტომ ევროპას უნდა თუ არა, უკრაინის ომის წარმოების კუთხით ყველაზე დიდი  როლი ამერიკას ენიჭება. ასევე ევროპის უსაფრთხოების კონტექსტში მისი წვლილი დიდია. ამერიკა არის ერთადერთი სახელმწიფო, რომელსაც რეალურად ზეწოლის მოხდენა შეუძლია, როგორც უკრაინაზე, ასევე რუსეთზე. შესაბამისად, ჯერჯერობით მოლაპარაკება ამერიკასა და რუსეთს შორის მიდის. ვნახოთ შემდეგ როგორ განვითარდება მოვლენები და რა პოზიციაში  მოუწევს ევროპას ყოფნა.

– ასეთი ვარაუდი გაჩნდა, რომ ტრამპს პუტინი ჩინეთთან წინააღმდეგ ბრძოლაში სჭირდება. მისი შემობრუნება დასავლეთისკენ აწყობს, რადგან მას ჩინელებთან საბრძოლველად გარკვეულ ბერკეტად მიიჩნევს. რუსეთ-ჩინეთის ურთიერთობა კი ახლა რა ეტაპზეა და რა სახის დახმარებას იღებს ის ეკონომიკური თვალსაზრისით ჩინეთისგან ვიცით. რეალურად მიგაჩნია ეს მიზანი ტრამპის მხრიდან თუ ეს არის ერთ-ერთი მიზეზი, რის გამოც ის პუტინთან ჯერჯერობით ლოიალურია?

– კი ბატონო, ეს არგუმენტი, რომ ტრამპი შესაძლოა, პუტინის და რუსეთის გადაბირებას ცდილობდეს, რათა ჩინეთ-რუსეთის ურთიერთობის გახლეჩა შეძლოს, ლოგიკურია. ამერიკისთვის ჩინეთი მთავარი მეტოქეა და ჩვენთვის რუსეთის სახით მოკავშირის გარეშე დატოვება სასურველია. თუმცა ეს რამდენად განხორციელებადია, ამაშია საქმე. პუტინმა კარგად იცის, რომ ამერიკის პრეზიდენტები იცვლებიან და ტრამპის მერე ვინ მოვა კაცმა არ იცის. შემდეგი პრეზიდენტი შესაძლოა, ისევ ანტირუსულ პოლიტიკას დაადგეს და სანდო მოკავშირეს ჩინეთის სახით ამერიკის გამო პუტინი არ დათმობს. ჩინეთი, რომელიც ვითომ ამ 3 წლის განმავლობაში უკრაინის ომთან დაკავშირებით ნეიტრალურს ინარჩუნებს, ფარულად ვაჭრობა იქნება ეს თუ ნახევრად გამტარი პროდუქცია, ჩინეთი აწვდის. შესაბამისად, ასეთი გახლეჩა გამორიცხულია. ძალიან  ჩახლართული კომბინაციაა, შესაძლოა, ტრამპს ეს მიზნები ჰქონდეს, მაგრამ არც პუტინია ისეთი გულუბრყვილო, რომ ამ ყველაფერს ვერ ხვდებოდეს. ის თავის თამაშს თამაშობს და ვინ ვის რაზე წამოაგებს, ამაზე ახლა ბევრი რამ დამოკიდებული.

– როგორც ახსენეთ ტრამპს ამ ომის სწრაფად დასრულება სურს. თუკი ის მიხვდა, რომ პუტინი ატყუებს და დროს წელავს, რა შეიძლება მისი მხრიდან რუსეთის წინააღმდეგ გადადგმული ნაბიჯები იყოს, რათა ცეცხლის შეწყვეტა კრემლმა დროულად გადაწყვიტოს?

– რა თქმა უნდა, ტრამპი ამ ეტაპზე ჯერ ცდილობს პუტინს  გარკვეული ნაბიჯები, მცირე მაგრამ გადაადგმევინოს. თუმცა თუკი ის მიხვდება, რომ პუტინს რეალურად ამ ომის გაგრძელება სურს, რა თქმა უნდა, მისი აგრესია და წნეხი უკვე პუტინზე გადაინაცვლებს. ის სანქციებს კიდევ უფრო გაამკაცრებს და რა თქმა უნდა, ამ რიტორიკას შეცვლის. დაველოდოთ, წინ კიდევ ბევრი საინტერესო მოვლენების განვითარება გველის.

ელზა პაპოშვილი 

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები