ქვეყანაში არის სრული სტაგნაცია. არაფერი სასიკეთო არ ხდება. ქვეყანას არ აქვს პოზიტიური დღის წესრიგი და ბოლოს მოსახლეობისთვის სასარგებლო რა რეფორმა დაანონსდა ან განხორციელდა, ვერავინ მეტყვით. მხოლოდ ხალხისთვის არაფრისმომცემი ორგანიზაცია „ქართული ოცნების“ პოლიტიკური ოპონენტების დევნა მიმდინარეობს აქტიურ რეჟიმში სხვადასხვა ფორმით და მასშტაბით. საქართველოს მოქალაქეებმა წინა ხელისუფლება გაისტუმრა მათ შორის, ოპონენტების მიმართ მტრობის ყველაზე მძაფრი გამოხატულების გამო და ახლა უკვე თქვენ იგივე გზას ადგახართ“, – ამის შესახებ გიორგი ხოჯევანიშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა.
მოისი თქმით, რამდენიმე სისხლის სამართლის საქმეში მსჯავრდებული და ბრალდებული მიხეილ სააკაშვილის მიმართ არასწორი პოლიტიკის წარმართვით და მართლმსაჯულების პრინციპების უგულებელყოფით ბევრი დამატებითი კითხვა უჩნდება ჩვენს მოქალაქეებს.
მისივე განცხადებით, არავინ ფიქრობს იმაზე, რომ ქვეყანაში პანდემიაა და ყოველდღე გარდაცვალებათა საგანგაშო მაჩვენებელია.
“თუკი ვინმე ფიქრობს ამაზე, რა კონკრეტულ და ეფექტურ ნაბიჯებს დგამს მთავრობა პანდემიის გავრცელების შესამცირებლად?! ამ ფონზე უკიდურესი გაჭირვების, ფასების ასტრონომიული ზრდის, ეკონომიკური მაჩვენებლების გაუარესების საკითხების საპირწონედ რას აკეთებს დღეს მთავრობა და საერთოდ, ვინაა პასუხისმგებელი ამ ქაოსზე, რაც დღეს ჩვენს ქვეყანაშია“, – განაცხადა გიორგი ხოჯევანიშვილმა.
მისი შეფასებით, ცალკე საკითხია სახელმწიფოს საგარეო პოლიტიკური რეპუტაციის შელახვა, რომელიც ამ ცოტა ხნის წინ ე.წ. შარლ მიშელის დოკუმენტის დარღვევით გაცხადდა და დღემდე ყოველდღიურად გრძელდება.
“ჩვენ ვხედავთ ჩვენი უცხოელი მეგობრების, კოლეგების, პარტნიორების განცხადებებს და კრიტიკას, შეფასებებს და სამწუხაროა, რომ ეს ყველაფერი „ქართული ოცნების“ მიერ არის აღქმული, როგორც მათი მხრიდან მტრული დამოკიდებულება რაც ცალსახად არის დიდი შეცდომა. ზედმეტად კომიკურია, როდესაც დასავლეთს ოფიციალურად უარს ეუბნები ევროკავშირის ფინანსურ დახმარებაზე, რეალურად კი, მათ წინაშე აღებულ ვალდებულებებს ვერ ასრულებ და იცი რომ ისედაც კითხვის ნიშნის ქვეშ დგას ეს ფინანსური დახმარება და პარალელურად, შენს მოქალაქეებს თვალში ნაცარს აყრი. სინამდვილეში, ამ ქვეყანაში ყველამ კარგად იცის, რომ საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტების დახმარება ჯერ კიდევ სჭირდება საქართველოს“, – განაცხადა გიორგი ხოჯევანიშვილმა.