თავდაპირველად მინდა ხაზი გავუსვა იმ მნიშვნელობას, რა გზავნილიც იყო ევროპიდან, ეს უკვე აღარ იყო ბრიფინგების ფორმით, ეს აღარ იყო განცხადებების ფორმით, რომლის უკანაც ჩვენ შეგვიძლია ვივარაუდოთ ინტერპრეტაციები, ეს იყო ძალიან პირდაპირი გზავნილი, პირდაპირი დემოკრატიის ფორმით, – ამის შესახებ საქართველოს მეოთხე პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა განაცხადა.
მისივე თქმით, თავისუფალი ადამიანი თავისუფალია ყველგან და ეს კავშირი ამ ხალხსა და ევროპელ დეპუტატებს შორის იყო ძალიან ბუნებრივი, შესისხლხორცებული და დამაიმედებელი.
“თავდაპირველად მინდა ხაზი გავუსვა იმ მნიშვნელობას, რა გზავნილიც იყო ევროპიდან, ეს უკვე აღარ იყო ბრიფინგების ფორმით, ეს აღარ იყო განცხადებების ფორმით, რომლის უკანაც ჩვენ შეგვიძლია ვივარაუდოთ ინტერპრეტაციები, ეს იყო ძალიან პირდაპირი გზავნილი, პირდაპირი დემოკრატიის ფორმით. საქართველოს კონსტიტუცია საუბრობს პირდაპირ დემოკრატიაზე, ხალხის ნების პირდაპირ გამოხატვაზე. დღეს რუსთაველის გამზირზე იყო ხალხის ნების პირდაპირი გამოხატვა და ამ პირდაპირ დემოკრატიას ელაპარაკებოდნენ ჩვენი პარტნიორები. რამდენი ათასი ადამიანი იდგა და მიტინგი მიმდინარეობდა ინგლისურ ენაზე, ეს კულტურულ-პოლიტიკური ფენომენი მანიშნებელია იმისა, თუ სად არის საქართველო, ეს არის საბჭოთა საქართველო თუ არის ევროპის ქვეყანათა ოჯახის წევრი. ამაღელვებელი იყო ის, რომ ევროპელი პოლიტიკოსები პირდაპირ ესაუბრებოდნენ ქართველ ხალხს და ქართველი ხალხი მათ შეძახილებით, ღიმილით და ტაშით პასუხობდა.
გზავნილები იყო ძალიან სწორი და ნათელი. ევროპას მიაჩნია, რომ ქართველ ხალხს მოჰპარეს არჩევანი, მოჰპარეს ევროპული მომავალი, მოჰპარეს უფლება თვითონ ჩამოაყალიბონ მთავრობა და ისინი ჩვენთან დგანან და ჩვენთან იქნებიან სულ. თავისუფალი ადამიანი თავისუფალია ყველგან და ეს კავშირი ამ ხალხსა და ევროპელ დეპუტატებს შორის იყო ძალიან ბუნებრივი, შესისხლხორცებული და დამაიმედებელი, რადგან ამ ბრძოლაში, რომელშიც ახლა ვართ გვჭირდება მეგობრები, ჩვენ გვჭირდება გაერთიანებები. დღეს იყო, კიდევ ერთი, ამაღელვებელი ორშაბათი“, – განაცხადა მარგველაშვილმა.