პოლიტპატიმრების გათავისუფლება სერიოზული არგუმენტი იქნება ევროპაში ჩვენი პარტნიორებისათვის, რომ უარი ვერ გვითხრან, – ამის შესახებ საქართველოს მეოთხე პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა განაცხადა.
ის დღევანდელ აქციაზე ინიციატივას გააჟღერებს, რომლის თანახმადაც, ევროპაში ერთობლივი მიმართვა უნდა გააგზავნონ, სადაც ამ კრიტიკულ პერიოდში საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მონიჭების აუცილებლობაზე იქნება საუბარი.
“მნიშვნელოვანია, რომ აქციაზე ძალიან ბევრი ადამიანი იყოს. ნათლად უნდა გამოჩნდეს, რომ ჩვენ მიუხედავად პარტიული განსხვავებისა, ვართ ადამიანები, ვისაც გვინდა თავისუფალ სივრცეში ცხოვრება.
მივმართავ ყველა უმაღლესი თანამდებობის პირს საქართველოში, პრეზიდენტებს, პარლამენტის თავმჯდომარებს, მოვაწეროთ ხელი მიმართვას, სადაც ჩავწერთ – მოთხოვნები გასაგებია, მაგრამ ჯერ კანდიდატობა და მერე მოთხოვნები. ახლა არის ჩვენი რეგიონისთვის ძალიან გადამწყვეტი მომენტი და საქართველო რუსეთის გავლენების გაღმა უნდა დარჩეს.
თუ პოლიტპატიმრების გათავისუფლება მოხდება ამ რამდენიმე დღეში, ეს სერიოზული არგუმენტი იქნება ევროპაში ჩვენი პარტნიორებისათვის, უარი ვერ გვითხრან“, – განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.