“ქართული ოცნება” და ღარიბაშვილი იმ “ცრუპენტელა ბიჭად” ჩამოყალიბდა, რომელიც ყველაფერს, რაც ენაზე მოადგება, ამბობს და ლაპარაკობს, როგორც ფაქტი – ასე გამოეხმაურა იურისტი გიორგი მშვენიერაძე პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის იმ განცხადებას, რომლის თანახმად, მიხეილ სააკაშვილის სამოქალაქო საავადმყოფოში გადაყვანის შემთხვევაში, თითქოსდა მხარდამჭერების მიერ მისი გაყვანა იგეგმებოდა.
მშვენიერაძის თქმით, ასეთი ინფორმაცია ხელისუფლებას თუ გააჩნია, მასზე გამოძიება უნდა დაიწყოს.
“ჩვენ ყველამ კარგად ვიცით იგავი ცრუპენტელა ბიჭის შესახებ, რომელიც ყოველ ჯერზე იძახის მგელი, მგელია ცხვარში. როდესაც მართლა გამოჩნდა მგელი ცხვარში, აღარავინ იყო, ვინც მას დაუჯერებდა. “ქართული ოცნება” და ღარიბაშვილი სწორედ ამ ცრუპენტელა ბიჭად ჩამოყალიბდა, რომელიც ყველაფერს, რაც ენაზე მოადგება, ამბობს და ლაპარაკობს, როგორც ფაქტი.
ასეთი ფაქტი და ინფორმაცია, თუ ხელისუფლებას გააჩნია, ეს არ არის სახუმარო შემთხვევა, ამაზე უნდა დაიწყოს გამოძიება, ჰქონდეს კონკრეტული სამზადისი, მათ შორის ასეთი გეგმის გასანეიტრალებლად. ძალაც უნდა შესწევდეს, ასე ვთქვათ, სამოქალაქო პროფილის საავადმყოფოში შესაძლო დანაშაულის მცდელობისაგან დაიცვას საზოგადოება და სახელმწიფო”, – განაცხადა მშვენიერაძემ.
მისი თქმით, მიხეილ სააკაშვილი სამოქალაქო საავადმყოფოში პოლიტიკური შურისძიების მოტივით არ გადაყავთ.
“ამას არანაირი სხვა ახსნა არ აქვს, ჩვენ კარგად ვიცით, რომ სამოქალაქო საავადმყოფოში პატიმრების გაყვანა, ესაა მიღებული პრაქტიკა ყველა ნორმალურ ქვეყანაში. მათ შორის, ვიცით, რომ შექმნილი მდგომარეობიდან გამომდინარე, ეს ნაბიჯი არის ყველაზე გონივრული. ამას “ქართული ოცნება” არ აკეთებს, რომ მის ამომრჩეველს, არჩევნების წინ ანახოს, რომ სააკაშვილს სჯის მის ხელთ არსებული ყველა კანონიერი თუ უკანონო მეთოდით”, – განაცხადა მშვენიერაძემ “ტვ პირველის” ეთერში.